გოლი თურქულ შეკრებაზე - კვარაცხელიამ მოსკოვის „დინამოს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქულ შეკრებაზე მოსკოვის „დინამოსთან“ გაიტანა და ყაზანის „რუბინს“ საკონტროლო შეხვედრის გადარჩენაში დაეხმარა.
ყაზანელებმა მორიგი ტესტ-მატჩი ბელეკში საწვრთნელ ბანაკში ჩაატარეს. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მოსკოვური კლუბის მოთხოვნით მატჩი მედიისთვის დახურული იყო და ტელეტრანსლაციაც არ განხორციელდა.
ყაზანელები ორჯერ იყვნენ მდევრის როლში. ანგარიში მე-40 წუთზე არსენ ზახარიანმა გახსნა, რომელსაც „რუბინიდან“ მონტასარტ ტალბიმ უპასუხა და ტაიმი 1:1 დასრულდა. ამ დროისთვის მოედანზე უკვე იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მოედანზე 27-ე წუთზე გამოჩნდა.
ბათუმის „დინამოსთან“ საკონტროლო შეხვედრაში ხვიჩას ტრავმა გაუმიზეზდა. საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის პრობლემა სერიოზული არ გამოდგა, ლეონიდ სლუცკიმ მოსკოველებთან ათამაშა და მან თავი ეფექტური გოლით გამოიჩინა.
48-ე წუთზე დანიილ ფომინმა „დინამო“ მეორედ დააწინაურა, მაგრამ 70-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, მოსკოველ მცველებს საჯარიმოში იოლად გასცდა და მეკარეს ზუსტად დაურტყა. ხვიჩამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:2.
თამაში დაძაბული გამოდგა გამოდგა და მსაჯმა ორი მოთამაშე გააძევა. ორივე – ყაზანის „რუბინიდან“. 59-ე წუთზე მოედანი სილვი ბეგიჩმა დატოვა, ხოლო 73-ე წუთზე – გერმან ონუგხამ. გუნდებს შორის შეთანხმებით, მათ ნაცვლად სხვა მოთამაშეები გამოვიდნენ.