გოლი სადებიუტო შეხვედრაში - შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ლევან შენგელიამ ბერძნული სუპერლიგის „პანაიტოლიკოსში“ წარმატებული სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა – ქართველმა თავდამსხმელმა გოლი გაიტანა, მისმა ახალმა გუნდმა კი სეზონში პირველად მოიგო 3:1.

სუპერლიგის მე-2 ტურში „პანაიტოლიკოსმა“ საკუთარ მოედანზე სალონიკის „არისს“ უმასპინძლა. შენგელიამ, რომელიც ბელგიური „ლეუვენიდან“ საბერძნეთში ზაფხულში გადავიდა, ახალ კლუბში პირველად ითამაშა და მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა, გოლი შენგელიამ გაიტანა. ქართველი თავდამსხმელი ბურთიანად საჯარიმოში შევარდა, მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა და ახალ კლუბში საგოლე ანგარიში გახსნა.

„არისის“ მოთამაშე პალმამ ინდივიდუალური ძალისხმევითა და დარტყმით მე-20 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ მეორე ტაიმი შენგელიას გუნდმა უკეთ ითამაშა და 63-ე წუთზე კარელისმა კვლავ დააწინაურა. 71-ე წუთზე ქართველი შემტევი შეცვალეს, ხოლო საბოლოო ანგარიში 76-ე წუთზე დაგომ დააფიქსირა – 3:1.

პანაიტოლიკოსმა“ მეორე ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა – გუნდი შემდეგ შეხვედრას „არტომიტოსთან“ 4 სექტემბერს გამართავს.