გოლი ორთვიანი პაუზის შემდეგ - მიქაუტაძემ ბომბარდირთან სხვაობა შეამცირა [ვიდეო]
გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის პროქსიმუსლიგაში (რანგით მეორე ლიგა) გოლი გაიტანა და ამით ორთვიანი უგოლო სერია შეწყვიტა, რაც იძულებითი პაუზით იყო გამოწვეული.
ფრანგული მოქალაქეობის მქონე 20 წლის ქართველი თავდამსხმელის გუნდი „სერენი“ ბელგიის პროქსიმუსლიგის 21-ე ტურში „ლიერსს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა 32-ე წუთზე პენალტით გაიტანა. გიორგი „სერენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.
„სერენმა“ მოგებით 35 ქულა დააგროვა და ლიდერ ბრიუსელის „უნიონს“ 18 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მესამეადგილოსან „ლომელთან“ (31) სხვაობა გაზარდა. გიორგი მიქაუტაძეც მეორე ადგილზეა ბომბარდირთა დავაში. 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა პროქსიმუსლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
მიქაუტაძემ 4 დეკემბრის შემდეგ, პირველად გაიტანა, ხოლო 13 დეკემბერს „მოლენბეკთან“ მოედნიდან გააძევეს, სამი მატჩი გამოტოვა და ორთვიანი პაუზის მერე თავის გამოჩენა მოახერხა. ამით ქართველმა ბომბარდირთან სხვაობა შეამცირა. პირველ ადგილზე მის უთამაშებლობაში ლიდერის, ბრიუსელის „უნიონის“ თავდამსხმელი დანტე ვანზეირი დაწინაურდა, რომელიც 21 მატჩში 18 გოლის ავტორი გახდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთში გაზრდილი და ამ ქვეყნის მოქალაქეობის მქონე თავდამსხმელია, მაგრამ წელს საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა და სავარაუდოდ, ვილი სანიოლის გუნდს მარტის სანაკრებო შეკრებაზე შეუერთდება.