გოლი ხუთთვიანი პაუზის შემდეგ - მიქაუტაძემ „ლიონს“ გაუტანა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ „ლიონს“ გაუტანა და უგოლო თამაშების სერია შეწყვიტა. ეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში მოხდა, სადაც „მეცი“ ლიონის „ოლიმპიკს“ მასპინძლობს და ქართველის გოლით დაწინაურდა.
„ლიონი“ ის გუნდია, სადაც მიქაუტაძე იზრდებოდა და რომელმაც მასზე უარი თქვა. გიორგიმ მე-13 წუთზე გადაცემა ჩაჭრა, სტუმართა ირლანდიელ მცველს, ჯეკ ობრაიანს ეფექტურად გასცდა, მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გოლის ავტორი გახდა.
გიორგიმ ბოლოს გოლი ოფიციალურ თამაშში, 2023 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებში კვიპროსს გაუტანა, ხოლო საკლუბო დონეზე „მეცში“ 27 აგვისტოს „კლერმონის“ კარი აიღო. ახლა კი მან ხუთთვიანი და 21-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერი „მეციდან“ ამსტერდამის „აიაქსმა“ 31 აგვისტოს გამოისყიდა, მაგრამ ნიდერლანდურ გრანდში მას თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონდა, რადგან თავის პოზიციაზე არ ათამაშებდნენ.