გოლი და სამი საგოლე პასი ბილანიუკისგან - „სამგურალი“ სამეულში დაწინაურდა #1TVSPORT
„სამგურალში“ უკრაინელი მთავარი მწვრთნელის, ოლეკსანდრ პოკლონსკის დებიუტი წარმატებული გამოდგა – წყალტუბოელებმა ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 5:0.
29-ე ტურის საშინაო შეხვედრა, წყალტუბოს სტადიონის საფარის ცუდი მდგომარეობს გამო, „საგურალმა“ კვლავ ზესტაფონში ჩაატარა და პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა – გიორგი სულაქველიძემ მე-17 წუთზე ანგარიში გახსნა, მალე დუბლიც შეასრულა და მასპინძლება ტაიმი 2:0 მოიგეს.
„სამგურალმა“ მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო, ნიკა ხორხელის (48), დენის ბალანიუკისა (58) და დემურ ჩიხლაძის (64) გოლებით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის გმირი კი დენის ბალანიუკი გახდა, რომელიც „სამგურალის“ ოთხ გოლში მონაწილეობდა. 26 წლის უკრაინელმა თავდამსხმელმა, გოლის გარდა, სამი საგოლე გადაცემა შეასრულა და წყალტუბოელების გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.
29 ტურის შემდეგ „სამგურალმა“ 46 ქულა დააგროვა, ქუთაისის „ტორპედოსა“ (45) და „საბურთალოს“ (45) გადაასწრო. „შუქურა“ რვა ქულით ბოლო, მე-10 პოზიციაზე დარჩა და ელიგა 2-ში დაქვეითების რეალური კანდიდატია.