გოლი და ორი საგოლე გადაცემა „სასუოლოსთან“ - კვარაცხელიამ „სტადიო მარადონაზე“ სანახაობა დადგა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია ერთმატჩიანი დასვენების შემდეგ დაბრუნდა და შესაძლოა, იტალიურ კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა „ნაპოლიში“, რომელმაც „სასუოლოსთან“ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 4:0.
„ნაპოლიმ“ სერია A-ს მე-12 ტურში „სასუოლო“ „სტადიო მარადონაზე“ მიიღო და პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა. ეს ხვიჩას და ვიქტორ ოსიმენის დამსახურება იყო, რომლებმაც ერთმანეთს კარგად გაუგეს და მეტოქეებისთვის საშიში დუეტი ჩამოაყალიბეს.
ნეაპოლელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს – მე-4 წუთზე, მარჯვენა ფლანგზე განვითარდა შეტევა, რომელიც დი ლორენცოს ჩაწოდების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ვიქტორ ოსიმენს თავური პასით გაუგრძელა და ნიგერიელმა თავდამსხმელმა შანსი გოლად აქცია. მე-19 წუთზე ხვიჩამ მარჯვენა ფლანგზე ეფექტურად ითამაშა და ოსიმენს მეორე საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ორი საგოლე გადაცემის შემდეგ, ხვიჩამ თავად გაიტანა – 36-ე წუთზე მარიო რუის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ძლიერი დარტყმით მესამე გოლის ავტორი გახდა. ტაიმის ბოლომდე ორჯერ კიდევ სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ააცილა. 71-ე წუთზე კი ხვიჩა ლუჩანო სპალეტიმ შეცვალა.
77-ე წუთზე ოსიმენმა მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. „სასუოლომ“ მატჩი კაცნაკლულმა დაასრულა – 84-ე წუთზე არმანდ ლორიენტემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
„ნაპოლიმ“ მატჩი 4:0 მოიგო და 12 ტურის შემდეგ 32 ქულა დააგროვა. ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს ლიდერია და შემდეგ ტურამდე ვერ დაეწევა „მილანი“ (26), რომელსაც ტურის მატჩი გასამართი აქვს.
ხვიჩა კვარაცხელიამ კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ ფორმით 16 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა (6 ჩემპიონატში), 8 საგოლე გადაცემა შეასრულა და 3 პენალტი მოიპოვა.