გოლი და ორი საგოლე გადაცემა ბოლო ტურში - ზურიკო დავითაშვილმა სეზონი შედეგიანად დაასრულა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა „ბორდოს“ შემადგენლობაში, რომელმაც ლიგა 2-ის ბოლო ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „პო“ 3:2 დაამარცხა.
საფრანგეთის რანგით მეორე ლიგის 38-ე ტურში საქართველოს ნაკრების შემტევი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
მასპინძლები მე-7 წუთზე დაწინაურდნენ. სტუმართა კარი გაეტანო ვაისბეკმა აიღო, საგოლე გადაცემა კი ქართველმა თავდამსხმელმა შეასრულა. გავიდა ცხრა წუთი და „პოს“ კარის ბადე კიდევ ერთხელ შეირხა – ამჯერად თავი ჟერემი ლივოლანმა გამოიჩინა, რომელსაც ასისტენტობა ისევ დავითაშვილმა გაუწია.
მეორე ტაიმის პირველივე წუთზე მოჰამედმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მაგრამ 51-ე წუთზე ლივოლანის ფლანგური გადაცემის შემდეგ დავითაშილი საჯარიმოში გაიხსნა და ზუსტი დარტყმით „ბორდოს“ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე „პომ“ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ბორდომ“ ჩემპიონატი 50 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, მან 24 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა, ამ მაჩვენებლით კი გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.