გოლების წვიმა „მანჯგალაძე არენაზე“ - „სამტრედიამ“ სამჯერ გაიტანა, მაგრამ მაინც დამარცხდა #1TVSPORT
გოლების წვიმა „მანჯგალაძე არენაზე“ - „სამტრედიამ“ სამჯერ გაიტანა, მაგრამ მაინც დამარცხდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში მორიგ შეხვედრას სამტრედიას „ეროსი მანჯგალაძე – არენამ“ უმასპინძლა – „სამტრედია“ თბილისის „ლოკომოტივს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა მატჩში, რომელიც მიმდინარე სეზონის ყველაზე ლამაზი სანახაობა გამოდგა. 

თბილისელები სამტრედიას მთავარი მწვრთნელის, გია ჭიაბრიშვილის გარეშე ესტუმრნენ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. თბილისელები პირველივე წუთებიდან უპირატესობას ფლობდნენ, ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს და ამით ისარგებლეს. მე-20 წუთზე თორნიკე კირკიტაძის ფლანგური გადაცემისას ბურთი საკუთარ კარში ანატოლი მესიაჩენკომ ჩაჭრა. 32-ე წუთზე, კირკიტაძის გადაცემით მასპინძელთა კარი დავით სამურკასოვმა აიღო – 0:2. ორ წუთში კი კირკიტაძემ თავად გაიტანა.

თამაშის ბედი, თითქოს, გადაწყვეტილი იყო, მაგრამ „სამტრედია“ სასწაულთან ახლოს იყო – გია ცეცაძის გუნდმა ცხრა წუთში ანგარიში გაათანაბრა. გიგი იოსელიანის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ბურთი საკუთარ კარში „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა, დავით სამურკასოვმა ჩაჭრა. 70-ე წუთზე იოსელიანი ულამაზესი გოლის ავტორი გახდა – 2:3. ზუსტად წუთსა და ექვს წამში მასპინძლებმა წონასწორობაც აღადგინეს – ირაკლი რუხაძის გადაცემის შემდეგ, მოედანზე წამების შესულმა გიორგი ლომთაძემ ზუსტად დაარტყა – 3:3.

ამ მძიმე მდგომარეობაში „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და გამარჯვების გოლის გატანა მაინც მოახერხეს. მასპინძელთა კარი ზუსტი თავური დარტყმით ირაკლი სიხარულიძემ აიღო. დამატებულ წუთებზე არბიტრმა „სამტრედიას“ ნახევარმცველს, ლუკა რობაქიძეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

საბოლოოდ, ამ დაძაბულ, სანახაობრივ და სეზონის ყველაზე უხვგოლიან მატჩში „ლოკომოტივმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა – 3:4. ხუთი ტურის შემდეგ, ათი ქულა მოიპოვა და მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ „დინამო თბილისსა“ და გორის „დილას“დაეწია. „სამტრედია“ კი ისევ უქულოდ არის.

„სამტრედია“ – „ლოკომოტივი“ 3:4

გოლები: 0:1 მესიაჩენკო (20. ავტოგოლი), 0:2 სამურკასოვი (32. კირკიტაძის პასით), 0:3 კირკიტაძე (34), 1:2 სამურკასოვი (62. ავტოგოლი), 2:3 იოსელიანი (70. რუხაძის პასით), 3:3 ლომთაძე (71. რუხაძის პასით), 3:4 სიხარულიძე (83. დარცმელიას პასით)

21.03. 2021. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე – არენა“. უმაყურებლოდ.

„სამტრედია“: ბ. ქურდაძე – კაბა სამბუ, გიორგაძე, ესტებან მასკარენია (17. კერძევაძე) – იოსელიანი, მესიაჩენკო (46. რობაქიძე), ცეცხლაძე (68. ლომთაძე), კვირკვია – ნათან ჟუნიორი (46. ლუკავა), ილურიძე (68. გადირზადე)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე.

„ლოკომოტივი“: მამარდაშვილი – კაშია, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა (31. რ. მჭედლიშვილი) – დარცმელია, შონია, სამურკასოვი – თ. კირკიტაძე, სიხარულიძე, ულად-ომარ იმრანი (63. კახაბრიშვილი)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი.

მთავარი არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

გაფრთხილებები: მესიაჩენკო (44), ცეცხლაძე (48), კერძევაძე (64), სანდოხაძე (66), რ. მჭედლიშვილი (72), ლომთაძე (74), გურეშიძე (78), ლუკავა (80), (), (),

გაძევება: რობაქიძე (90. მეორე ყვითელი).