გოლდენ სტეიტმა ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო, დენვერმა საოცარი თამაში შემოატრიალა
10:12, 29.01.2019
ხუთი მატჩით გაგრძელდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი. შეუჩერებელია გოლდენ სტეიტ „უორიორზი“ მოქმედმა ჩემპიონმა, ინდიანა „პეისერსი“ სტუმრად დაამარცხა და წაუგებელი თამაშების სერია 11-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ სტივ კერის გუნდი გასვლით ტურნეს ატარებდა და ზედიზედ მეხუთე დაპირისპირება მოიგო, რაც კლუბის ისტორიაში, მეოთხე მაჩვენებელია. საუკეთესო შედეგი ოკლენდელებს გასულ სეზონში ჰქონდათ, როდესაც სტუმრად ზედიზედ ექვს თამაშში იმარჯვეს. „უორიორზმა“ 32-ქულიანი სხვაობით, 132-100 დაამარცხა ვიქტორ ოლადიპოს გარეშე დარჩენილი ინდიანელები. სტუმრებს სტეფ კარიმ ულიდერა 26 ქულით. 50 თამაშის შემდეგ, გოლდენ სტეიტს 36 გამარჯვება და 14 მარცხი აქვს. მომდევნო ტურში კალიფორნიელები, საკუთარ „ორეკლ არენაზე“ ფილადელფიას უმასპინძლებენ.
საოცარი თამაში შემოატრიალა დენვერ „ნაგეტსმა“. მიმდინარე სეზონის მთავარმა აღმოჩენა გუნდმა, მემფის „გრიზლისს“ სტუმრად მოუგო, 95-92. „ფედექს ფორუმში“ ჩატარებული შეხვედრის ბოლო მეოთხედის წინ, კოლორადოელები 17 ქულის სხვაობით მარცხდებოდნენ. ნიკოლა იოკიჩმა და კამპანიამ დასკვნითი პერიოდი 35-15 მოიგო და ზედიზედ მესამე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. იოკიჩის მონაგარმა 24 ქულა შეადგინა. „ნაგეტსი“ დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მეორე ადგილზეა და ლიდერ გოლდენ სტეიტს მხოლოდ ორი მოგებით ჩამორჩება.