"გოლდენ სტეიტმა" რეგულარული სეზონი გამანადგურებელი მარცხით დაასრულა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი სრულდება. ბოლოს წინა სათამაშო დღეს მოქმედი ჩემპიონი “გოლდენ სტეიტ ვორიორსი” სტუმრად “იუტა ჯაზს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან 40 ქულის სხვაობით 79-119 დამარცხდა.
იუტელთა შორის საუკეთესო 22 ქულით დონოვან მიჩელი გამოდგა. დერიკ ფეივორსმა საკუთარ გუნდს 16 ქულა შესძინა, ორმაგ დუბლამდე მას 1 მოხსნა დააკლდა. 13-13 ქულა დააგროვეს რუდი გობერმა და რიკი რუბიომ. იონას იერებკოს ანგარიშზე 14 ქულაა. სტივ კერის გუნდს 23 ქულით კლეი ტომპსონმა ულიდერა.
13 ქულა ჰქონდა კევინ დიურანტს. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 13 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 4 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი ჩაიწერა პირად აქტივში. შედეგად “გოლდენ სტეიტმა” რეგულარულში ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა. იუტა ბოლო ტურის წინ ჯერჯერობით მესამე პოზიციაზე იმყოფება.
ნბა-ს რეგულარული სეზონი ხვალ დასრულდება და საპლეიოფო წყვილები სწორედ ხვალ გამთენიისას გახდება ცნობილი.
ინდიანა – შარლოტი 93-119
ატლანტა – ფილადელფია 113-121
ვაშინგტონი – ბოსტონი 113-101
დალასი – ფინიქსი 97-124
ლეიკერსი – ჰიუსტონი 99-105