ერთდღიანი პაუზის შემდეგ NBA-ს რეგულერული სეზონი განახლდა. დღეს დილით ჩატარებული 13 მატჩიდან ორი დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“ სტუმრად, „ჩისპეიკ არენაზე“, ოკლაჰომა „სითი თანდერი“ ანგარიშით 111-107 დაამარცხა. ზაზა ფაჩულიამ ძირითად ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა 12 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა 1 პასი გააკეთა. მოქმედ ჩემპიონს კევინ დიურანტმა ულიდერა, რომელმაც 34 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. კლეი ტომპსონის მონაგარმა 20 ქულა შეადგინა. მორიგი შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა რასელ უესტბრუკმა. „ოქეისის“ ლიდერმა 44 ქულა, 16 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.
კლივლენდ „კავალიერსმა“ საკუთარ „ქუიქენ ლოანს არენაზე“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს, ტორონტო „რეპტორზსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 112-106 დაამარცხა. გამარჯვებულებს, 27 ქულით და 10 მოხსნით, ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. კარგი შეხვედრა ჩაატარა ხოსე კალდერონმა. ესპანელმა უკანახაზელმა 19 ქულის მოგროვება შესძლო. კლივლენდი აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე პოზიციაზეა. მარცხის მიუხედავად, ტორონტო საკუთარ კონფერენციაში პირველ ადგილს ინარჩუნებს. რეგულერული სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, კანადური კლუბი, მეორე ადგილოსან, ბოსტონ „სელტიქსს“ ორი მოგებით უსწრებს. მომდევნო ტურში, სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. პრინციპული თამაში, ტორონტოს „ეარ კანადა ცენტრში“ შედგება