გოლდენ სტეიტმა ნახევარფინალური სერია მოგებით გახსნა - ბოსტონმა მოედნის უპირატესობა მიიღო
10:46, 29.04.2019
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეიოფი გადამწყვეტ ფაზაში შედის. კონფერენციების ნახევაფინალებიდან ყველაზე დიდ ინტერესს გოლდენ სტეიტის და ჰიუსტონის წყვილი იწვევს. სერიის პირველი მატჩი გუშინ „ორეკლ არენაზე“ გაიმართა და, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული და საინტერესო გამოვიდა.
ბრძოლა უკანასკნელ წამებამდე შედგა. ბოლოს, მსაჯების რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილების და მასპინძლის ფაქტორის გათვალისწინებით, „უორიორსმა“ ანგარიშით 104:100 გაიმარჯვა და სერიაში დაწინაურდა. ოკლენდელებს ისევ კევინ დიურანტმა ულიდერა, რომელმაც თამაში 35 ქულით დაასრულა. სტეფ კარის ანგარიშზე 18 ქულა დაფიქსირდა. თითო მოხსნა და პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე დრეიმონდ გრინს. მისი სტატისტიკური მაჩვენებელი 14 ქულა, 9 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა იყო. 35 ქულა მოაგროვა სტუმართა ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა. კარგი მატჩი ჩაატარა ერიკ გორდონმა. მისმა მონაგარმა 27 ქულა შეადგინა. ამ გუნდების მეორე დაპირისპირება 1 მაისს ისევ გოლდენ სტეიტის დარბაზში ჩატარდება.
ბოსტონ „სელტიქსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერია მილუოკიში მოგებით გახსნა. ბრედ სტივენსის გუნდმა „ბაქსი“ 112-90 გაანადგურა და მოედნის უპირატესობაც მიიღო. სტუმრებმა მხოლოდ მეორე მეოთხედი დაუთმეს მეტოქეს, დანარჩენ პერიოდებში კი უშანსოდ მოუგეს. გაიბრწყინა კაირი ირვინგმა. ბოსტონელთა მთავარმა ვარსკვლავმა 26 ქულა, 11 პასი და 7 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. ორმაგი დუბლი გააკეთა ალ ჰორფორდმა. დომინიკელმა კალათბურთელმა 20 ქულა და 11 მოხსნა მოიპოვა. მილუოკის ლიდერმა იანის ანტეტუკონმპომ 22 ქულით და 8 მოხსნით დაასრულა შეხვედრა.
წყვილის მეორე დაპირისპირება ისევ მილუოკიში შედგება და „ბაქსს“ იმ შეხვედრის წაგების უფლება აღარ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვისკონსინელები საკმაოდ გაირთულებენ კონფერენციის ფინალში გასვლის შანსებს.