გოლდენ სტეიტმა მოიგო და დიურანტი დაკარგა მილუოკი აღმოსავლეთის ფინალშია
გოლდენ სტეიტმა მოიგო და დიურანტი დაკარგა მილუოკი აღმოსავლეთის ფინალშია

დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის მეხუთე მატჩი გოლდენ სტეიტის გამარჯვებით დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა ჰიუსტონ „როკეტსი“ დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 104:99 დაამარცხა და სერიაში კვლავ დაწინაურდა – 3:2. ამ წარმატების ფონზე, მასპინძელთათვის საკმაოდ ცუდი ფაქტი დაფიქსირდა – მესამე მეოთხედის ბოლოს, „უორიორზის“ ლიდერმა კევინ დიურანტმა მარჯვენა ფეხზე წვივის ტრავმა მიიღო და მოედნის ვადაზე ადრე დატოვება მოუწია. იმ მომენტისთვის კევინის ანგარიშზე 22 ქულა იყო. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა. ოკლენდელები ერთ ეპიზოდში 18 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ, თუმცა „როკეტსმა“ შეხვედრაში დაბრუნება შეძლო და ბოლო წუთებს დიდი ინტირგა დაუტოვა. უკანასკნელ შეტევებში ლიდერობა საკუთარ თავზე კლეი ტომპსონმა და სტეფ კარიმ აიღეს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ტყორცნები გამოიყენეს. ამ ტანდემის საერთო მონაგარმა 52 ქულა შეადგინა. ჰიუსტონელთა შორის, 31 ქულით და 8 გადაცემით, ჯეიმს ჰარდენი იყო საუკეთესო. სერიის მეექვსე დაპირისპირება 11 მაისს ჰიუსტონში გაიმართება. 

მიმდინარე პლეიოფის პირველი ფინალისტი მილუოკი გახდა. „ბაქსმა“ აღმოსავლეთ კონფერენიის გადამწყვეტი ეტაპის საგზური ბოსტონ „სელტიქსის“ დამაჯერებელი დამარცხების შემდეგ გაინაღდა. ვისკონსინელებმა ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი საერთო სერიაში ანგარიშით 4:1 გაანადგურეს. მეხუთე დაპირისპირება დღეს მილუოკის „ფისერვ ფორუმში“ შედგა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 116:91 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ „ბაქსმა“ ოთხივე პერიოდი მოუგო მეტოქეს. იანის ანტეტუკონმპომ გამარჯვებულებს 22 ქულა, 8 მოხსნა და 8 გადაცემა შესძინა. კრის მიდლტონის ანგარიშზე 19 ქულაა, ხოლო ერიკ ბლედსოუმ 18 ქულა მოაგროვა. მილუოკი ფინალში ტორონტოსა და ფილადელფიას შორის გამარჯვებულს შეხვდება. იმ წყვილში სერიას კანადური კლუბი იგებს (3:2). მეექვსე შეხვედრა ხვალ ფილადელფიაში ჩატარდება.