გოლდენ სტეიტმა მეორე მატჩიც მოიგო, მილუოკიმ საერთო ანგარიში გაათანაბრა
10:07, 01.05.2019
მოქმედმა ჩემპიონმა დასავლეთ კონფერენციის პირველი ორი საშინაო მატჩი მოიგო და ჰიუსტონში კომფორტული უპირატესობით ჩადის. გოლდენ სტეიტ „უორიორსმა“ ამჯერად ანგარიშით 115:109 გაიმარჯვა. საბოლოო, მხოლოდ ექვსქულიანი ჰანდიკაპის დაფიქსირების მიუხედავად, მასპინძლები თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ და გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. ბოლო წუთებზე ოკლენდელებს 10-12-ქულიანი სხვაობა სტაბილურად ეჭირათ. მორიგი წარმატების მთავარი შემოქმედი ისევ კევინ დიურანტი გამოდგა, რომელიც ტრადიციულად პლეიოფში გაცილებით სასარგებლო და სტაბილურია. 29 ქულასთან ერთად, „კეი-დი“ დაცვაში დამაჯერებელი თამაშით გამოირჩა. შეგახსენებთ, რომ კევინმა პირველ შეხვედრაში ჰიუსტონს 35 ქულა ჩაუგდო. „როკეტსის“ მხრიდან ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა 29 ქულით და 7 მოხსნით. წყვილის მომდევნო ორ დაპირისპირებას ჰიუსტონის „ტოიოტა ცენტრი“ უმასპინძლებს.
აღმოსავლეთ კონფერენციაში პრინციპული თამაში მოიგო მილუოკი „ბაქსმა“. რეგულარული სეზონის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდმა საკუთარ „ფისერვ ფორუმში“ ბოსტონ „სელტიქსს“ ანგარიშით 121:103 აჯობა და საერთო სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა, პირველი მეოთხედის წაგების შემდეგ, მეორე და მესამე პერიოდებში გადამწყვეტი უპირატესობა მიიღეს და დარჩენილ დროში მეტოქეს მიახლოების არანაირი შანსი აღარ მისცეს. იანის ანტეტუკონმპოს ანგარიშზე ორმაგი დუბლია. ბერძენმა კალათბურთელმა 29 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. იანისს ერიკ ბლედსოუ დაეხმარა 21 ქულით. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, დღეს არ წაუვიდა თამაში კაირი ირვინგს. „სელტიქსის“ ლიდერმა მხოლოდ 9 ქულისა და 5 მოხსნის გაკეთება მოასწრო 30 წუთში. ამჯერად სერია ბოსტონში გადაინაცვლებს და ორი მატჩი ლეგენდარულ „თი დი გარდენში“ ჩატარდება.