„გოლდენ სტეიტის“ მფლობელები, მოთამაშეები და მწვრთნელები არენის მომუშავეების მილიონი ამერიკული დოლარით დაეხმარებიან
კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს წამყვანმა სპორტულმა ლიგებმა სეზონები გაურკვეველი დროით შეაჩერეს.
ანალოგიურად მოიქცნენ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „იუტას” ფრანგ კალათბურთელ რუდი გობერს კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა. სეზონის შეჩერებამ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად იმოქმედა საკალათბურთო არენებზე მომუშავე ადამიანებზე, რომლებიც ხელფასს ყოველდღიურად სტადიონებზე მუშაობით გამოიმუშავებდნენ.
„ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ „გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ სამწვრთნელო შტაბმა, ისევე როგორც კალათბურთელებმა და გუნდის მფლობელებმა, საკუთარი არენის მომუშავეებისთვის რთულ პერიოდში ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გამოჰყვეს.