„გოლდენ სტეიტი“ უმძიმეს მდგომარეობაშია - დაშავებულთა სიას დრეიმონდ გრინიც შეემატა
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2019-20 წლების რეგულარული სეზონი „გოლდენ სტეიტისთვის“ ძალიან უიღბლო გამოდგა. რამდენიმე დღის წინ გუნდის გამთამაშებელმა სტეფ კარიმ ხელი მოიტეხა. სტეფი „ვორიორზს“ 3 თვის მანძილზე ვერ დაეხმარება.
ახლა კი ლაზარეთს დრეიმონდ გრინიც შეუერთდა, რომელმაც „სან ანტონიოსთან“ მატჩში თითის ტრავმა მიიღო. „გოლდენ სტეიტის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა განაცხადა, რომ გრინს რამდენიმე თამაშის გამოტოვება მოუწევს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენი დრო დასჭირდება სრულ რეაბილიტაციას.
„შარლოტთან“ გამართულ უკანასკნელ შეხვედრაში „ვორიორზს“ ვერც გუნდის ახალწვეული დეანჯელო რასელი ეხმარებოდა. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ მძიმე ტრავმა აქვს კლეი ტომპსონს, რომელიც მიმდინარე რეგულარულში სავარაუდოდ ვერ იასპარეზებს.