„გოლდენ სტეიტი“ სუპერფინალშია - მოქმედმა ჩემპიონმა ფინალური სერია ე.წ. „მშრალი“ ანგარიშით მოიგო [ვიდეო]
„გოლდენ სტეიტი“ სუპერფინალშია - მოქმედმა ჩემპიონმა ფინალური სერია ე.წ. „მშრალი“ ანგარიშით მოიგო [ვიდეო]

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსს“ არცერთი მატჩი არ დაუთმო. მოქმედმა ჩემპიონმა მეტოქე ე.წ. „მშრალი“ ანგარიშით – 4:0 დაამარცხა.

წინა დაპირისპირებებისგან განსხვავებით, წყვილის მეოთხე შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. „მოდა ცენტრში“ ჩატარებულ თამაშში პორტლენდელები ყველანაირად ცდილობდნენ მინიმუმ ერთი შეხვედრის მოგებას, რასთანაც საკმაოდ ახლოს იყვნენ. მესამე პერიოდის მიწურულს, მასპინძლები 17 ქულის სხვაობით გაექცნენ მეტოქეს, თუმცა დარჩენილ დროში სტეფ კარის და დრეიმონდ გრინის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. კევინ დიურანტის და ანდრე იგუადალას არყოფნაში, სწორედ ამ ორმა კალათბურთელმა იტვირთა ლიდერობა. ორივე მათგანმა სამმაგი დუბლი შეასრულა. კარის ანგარიშზე 37 ქულა, 13 მოხსნა და 11 გადაცემა დაფიქსირდა. გრინმა კი ოკლენდელებს 18 ქულა, 14 მოხსნა 11 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ყველაფერი ოვერტაიმში გადაწყდა. ძირითადი დროის უკანასკნელ წამზე ლილიარდს გამარჯვების მომტანი ორქულიანის ჩაგდება შეეძლო, თუმცა პორტლენდის ლიდერმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ ჩააგდო. დამატებულ დროში სტუმრებს უფრო გაუმართლათ და ანგარიშით 119:117 გაიმარჯვეს.

„ტრეილ ბლეიზერსის” შემადგენლობაში, კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა მაიერს ლეონარდმა, რომელმაც 30 ქულა და 12 მოხსნა დააფიქსირა. ლილიარდი-მაკკალუმის წყვილის მონაგარმა ჯამში 54 ქულა შეადგინა. „გოლდენ სტეიტი“ წლევანდელი სეზონის პირველი სუპერფინალისტია. სტივ კერის გუნდი ზედიზედ მესამე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.


მეორე სუპერფინალისტის ვინაობა „ტორონტოს“ და „მილუოკის“ წყვილში ირკვევა. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „ბაქსი“ წინ არის (2:1). მეოთხე დაპირისპირება ხვალ, გამთენიისას, ტორონტოში ჩატარდება.