დასავლეთ კონფერენციაში დღეს დილით ბოლო ნახევარფინალისტი გამოვლინდა. მოქმედმა ჩემპიონმა გოლდენ სტიეტმა საერთო სერიაში ლოს ანჯელეს „კლიპერსი“ 4:2 დაამარცხა. მეექვსე მატჩი „სტეიპლ ცენტრში“ შედგა და „ვორიორზის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 129-110 დასრულდა. კევინ დიურანტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ განსაკუთრებით პლეი ოფში, სწორედ ის გახლავთ გუნდის უპირობო ლიდერი.
„დურანტულამ“ მეტოქეს 50 ქულა ჩაუგდო და, რაც კიდევ უფრო საოცარია, ამ 50 ქულიდან 38 პირველ ტაიმში ჰქონდა. კევინს მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა, რომ პირველ ტაიმში აღებული ქულებით პლეიოფების ისტორიაში საუკეთესო გამხდარიყო. 30 წლის კალათბურთელი ამ მაჩვენებლით მეორე ადგილს ჩარლზ ბარკლისთან ერთად იყოფს. სტუმრებმა დღევანდელ მატჩში მეტოქე გუნდის ლიდერები (საშუალოდ 44 ქულა სერიაში) ლუ ვილიამსი და მონტრეზლ ჰარელი სრულად გაანეიტრალეს და შეტევა დურანტს მიანდეს, რამაც საბოლოო ჯამში გაამართლა.
მესამე მეოთხედის შემდეგ, შეხვედრას არანაირი ინტრიგა აღარ ჰქონდა. სამმაგი დუბლი შეასრულა დრეიმონდ გრინმა, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა, 14 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დაფიქსირდა. გოლდენ სტეიტმა ზედიზედ 26-ე მატჩი (რეგულარული სეზონი + პლეი ოფი) მოიგო, როდესაც გრინი ტრიპლ დაბლს აკეთებს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, „ვორიორზის“ გულშემატკივრები მაინც ვერ პატიობენ საყვარელ გუნდს „კლიპერსის“ წინააღმდეგ სერიის ასეთ გაწელვას. ანალიტიკოსები და ფანები ჰიუსტონ „როკეტსთან“ მოახლოვებულ სერიას სიფრთხილით ეკიდებიან. ამ ყველაფრის საფუძველს კი სტეფ კარის კოჭის ტრავმა იძლევა. იმის მიუხედევად, რომ დღეს კარმა 37 წუთზე მეტი ითამაშა, ოკლენდელთა ერთერთმა ლიდერმა აღნიშნული დაზიანება ბოლომდე ვერ მოიშუშა და გუნდის ექიმები სტეფის ტრავმას კიდევ ერთხელ გულდასმით გამოიკვლევენ.
გოლდენ სტეიტი-ჰიუსტონის ნახევაფინალური სერია 28 აპრილს დაიწყება.