ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ “ორაკლ არენაზე” მერვედფინალური სერიის რიგით მეხუთე შეხვედრაში “სან ანტონიო სპურსს” უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. “გოლდენ სტეიტ ვორიორსმა” მეტოქე 8 ქულის სხვაობით, 99-91 დაამარცხა და სერია ანგარიშით 4-1 მოიგო.
ოკლენდელთა შორის 25 ქულით საუკეთესო კევინ დურანტი გამოდგა. 17 ქულითა და 19 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა. მას სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა. 24 ქულით დაასრულა მატჩი კლეი ტომპსონმა. ტეხასელთა რიგებში 30 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ლამარკუს ოლდრიჯი.
“გოლდენ სტეიტ ვორიორსი” ნბა-ს პლეი ოფის მომდევნო, მეოთხედფინალურ ეტაპზე “ნიუ-ორლინს პელიკანსს” დაუპირისპირდება, რომელმაც “პორტლენდს” სერია 4-0 მოუგო. პირველი მატჩი “ორაკლ არენაზე” 28 აპრილს შედგება.