ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფების მერვედფინალში მეორე მატჩი გამართა მოქმედმა ჩემპიონმა.
“გოლდენ სტეიტ ვორიორსმა” საკუთარ “ორაკლ არენაზე” “სან ანტონიოს” უმასპინძლა და სერიაში ანგარიში 2-0 გახადა. სტივ კერის გუნდში კევინ დიურანტმა (32 ქულა) და კლეი ტომპსონმა (31 ქულა) საერთო ჯამში 63 ქულა დააგროვეს და მოპოვებულ გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშეს.
14 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით დაასრულა მატჩი გუნდის კაპიტანმა ანდრე იგუადალამ. ზაზა ფაჩულიას სამწუხაროდ შეხვედრაში მონაწილეობა კვლავ არ მიუღია. გრეგ პოპოვიჩის გუნდში ყველაზე შედეგიანი ლამარკუს ოლდრიჯი გამოდგა, რომელმაც 34 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 21 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში პეტი მილსმა. პაუ გასოლის ანგარიშზე 12 ქულაა.
მოულოდნელი მარცხი განიცადა “ფილადელფიამ”, რომელმაც პირველი მატჩის დამაჯერებლად მოგების შემდეგ “მაიამი ჰიტთან” სერიის მეორე შეხვედრა წააგო. ერიკ სპოელსტრას გუნდმა ძლიერი მეტოქე დუეინ ვეიდის (28 ქულა), გორან დრაგიჩის (20 ქულა), ჯეიმს ჯონსონისა (18 ქულა) და ჯოშ რიჩარდსონის (14 ქულა) კარგი თამაშის წყალობით დაამარცხა. ფილადელფიელთა შემადგენლობაში კვლავ არ უთამაშია გუნდის ერთერთ ლიდერ ჯოელ ემბიდს. ბენ სიმონსმა 24 ქულის დაგროვება შეძლო, სამმაგ დუბლამდე “სიქსერსის” მომავალ ვარსკვლავს 1 მოხსნა და 2 პასი დააკლდა. 23 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა მატჩი დარიო სარიჩმა. 16 ქულის დაგროვება შეძლო მარკო ბელინელიმ. ერსან ილიასოვამ კი 14 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
მოპოვებული გამარჯვების შედეგად “მაიამიმ” სერიაში ანგარიში 1-1 გახადა. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ხვალ კიდევ 3 საპლეიოფო მატჩი გაიმართება.