GolaTV - ლოჩოშვილი ლა ლიგაში ითამაშებს, „რაიო ვალეკანო“ 2,7 მილიონს იხდის #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის „რაიო ვალეკანოში“ გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. ესპანური კლუბი ქართველის ტრანსფერში 2,7 მილიონ ევროს გადაუხდის მის ამჟამინდელ კლუბს, „კრემონეზეს“ – ინფორმაციას GolaTV „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„ლოჩოშვილი „რაიოს“ ფეხბურთელი გახდება, თუ რამე მოულოდნელი არ მოხდება. ტრანსფერის სავარაუდო ფასი 2,7 მილიონი ევროა. გუნდები ტრანსფერს ასრულებენ“, – ამტკიცებს GolaTV.
ლოჩოშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია. მისი დებიუტი ძირითად გუნდში 17 წლის ასაკში, 2016 წლის 18 ნოემბერს თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ შედგა.
2017–2019 წლებში მისი ტრანსფერი კიევის „დინამოს“ ეკუთვნოდა, მაგრამ უკრაინულ კლუბში არ უთამაშია – ამ პერიოდში იჯარით გაუშვეს „დინამო თბილისში“ და სლოვაკურ „ჟილინაში“. 2020–2022 წლებში გამოდიოდა ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“, საიდანაც 2022 წლის ზაფხულში იტალიის სერია A-ს კლუბ „კრემონეზეში“ გადავიდა. იტალიელებმა ტრანსფერში 1,6 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ლუკა ლოჩოშვილის საბაზრო ღირებულებას გერმანული სამენეჯერო ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი 1,8 მილიონ ევროდ აფასებს.