გოგოლაშვილმა სადებიუტო გოლით გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა #1TVSPORT
გიორგი გოგოლაშვილმა თავის ახალ კლუბში, „გომელში“ სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდს სენსაციური გამარჯვების მოპოვებასა და ბელარუსის თასის ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა.
„გომელმა“ ბელარუსის თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში მინსკის „დინამოს“ უმასპინძლა – გასვლაზე 1:1-ით დასრულებული შეხვედრით მიღებული უპირატესობა ქართველის გუნდმა გამოიყენა, მეტოქე 3:1 დაამარცხა და გათამაშების ნახევრფინალში გავიდა.
გიორგი გოგოლაშვილი მინსკის „დინამოსთან“ ორივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო, განმეორებით მატჩში კი ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა, მცველს ბურთი აართვა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა. 39-ე წუთზე 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მოედნის ცენტრიდან საგოლე იერიში წამოიწყო, რომელიც მეორე გოლით დასრულდა.
გოგოლაშვილისთვის „გომელი“ პირველი უცხოური კლუბი არაა. 2019 წელს ლატვიაში წავიდა, სადაც რიგის „სკონტოს“ ღირსებას იცავდა. მერე კი საქართველოში დაბრუნდა და ბოლოს თბილისის „მერანში“ თამაშობდა.