გოგლიჩიძეს სერია A-ში დებიუტი დაუფასდა - 19 წლის მცველი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა #1TVSPORT
გოგლიჩიძეს სერია A-ში დებიუტი დაუფასდა - 19 წლის მცველი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის 24 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება – ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, გუნდს ახალგაზრდული ნაკრებიდან „ემპოლის“ ფეხბურთელი, 19 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე დაემატება – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის გათამაშებისთვის მზადებას 24 ფეხბურთელით დაიწყებს. სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას იტალიური „ემპოლისა“ და 21-წლამდელთა ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე დაემატა.

20 წლის ფეხბურთელს 31 აგვისტოს იტალიის სერია A-ში, „ბოლონიასთან“ შეხვედრაში წარმატებული დებიუტი ჰქონდა. შოთა ნონიკაშვილსა და ლუკა გადრანთან ერთად, სექტემბრის შეკრებაზე გოგლიჩიძე ნაკრების მესამე დებიუტანტი იქნება“.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში თამაშის უფლება C ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს „მიხეილ მესხზე“ ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთს ესტუმრება. მატჩებისთვის მზადებას ჩვენი გუნდი 2 სექტემბერს, საგურამოში დაიწყებს.