გოგლიჩიძე იტალიის სერია A-ს სამატჩო განაცხადში პირველად მოხვდა #1TVSPORT
იტალიის სერია A-ში თამაშები ჩაატარეს გუნდებმა, სადაც ქართველი ფეხბურთელები ირიცხებიან, მაგრამ არცერთი მათგანი მოედანზე არ გასულა.
21-ე ტურში „ფროსინონემ“ „კალიარის“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. გიორგი კვერნაძე მასპინძელთა განაცხადში იყო. ანგარიში „ფროსინონემ“ 36-ე წუთზე იბრაჰიმ კაკარის გოლით გახსნა. მართალია, 64-ე წუთზე ლუკა მაციტელიმ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ „ფროსინონემ“ მატიას სოულეს (75) და კაიო ჟორჟეს (90+5) გოლებით მაინც გაიმარჯვა.
ქუთაისის „ტორპედოდან“ „ემპოლიში“ გადასული საბა გოგლიჩიძე „მონცასთან“ სამატჩო განაცხადში პირველად მოხვდა, მაგრამ სადებიუტო თამაშის ჩატარების შანსი არ მისცემია. „ემპოლიმ“ შინ 3:0 მოიგო, მატჩის გმირი კი მასპინძელთა პოლონელი ნახევარმცველი სიმონ ჟურკოვსკი იყო, მან ჰეთრიქი (13, 38, 73) შეასრულა.
21 ტურის შემდეგ „ფროსინონე“ 22 ქულით მე-13 ადგილზეა, ხოლო „ემპოლი“ (16) ბოლოსწინა, მე-19 პოზიციას იკავებს.