გოგიამ შვეიცარიაში გაიტანა - „ციურიხი“ დამარცხდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს #1TVSPORT
აკაკი გოგიამ შვეიცარიის სუპერლიგაში „ციურიხისთვის“ მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ გუნდს მისი გოლი ქულის მოპოვებაშიც ვერ დაეხმარა.
გერმანიის მოქალაქეობის მქონე 29 წლის ქართველი ნახევარმცველი „ლუგანოსთან“ ძირითად შემადგენლობაში იყო (58-ე წუთზე შეცვალეს) და მატჩის დასაწყისშივე გაიტანა – მან „ლუგანოს“ კარი მე-3 წუთზე აიღო.
„ლუგანომ“ მდგომარეობა სწრაფად გამოასწორა – ურუგვაელმა ნახევარმცველმა, ჯონათან საბატინიმ ერთ წუთში ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ 28-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოოდ, მასპინძლებს სამი ქულა მოუტანა 2:1.
აკაკი გოგიამ შვეიცარიის სუპერლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, „ციურიხმა“ კი შვეიცარიის ჩემპიონობა გაინაღდა – 1 მაისს 2:0 დაამარცხა „ბაზელი“, შვეიცარიის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გახდა და ისტორიაში მე-13 მოიპოვა ტიტული.
„ციურიხს“ ბოლო ტურის წინ 76 ქულა აქვს, უახლოეს მდევარს, „ბაზელს“ (59) დიდი უპირატესობით ასწრებს და ახალი ევროსეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. გოგიამ შვეიცარიის სუპერლიგის კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 28 ივლისს გააფორმა და ხელშეკრულება ორ წელზეა გათვლილი.
გოგია რუსთავშია დაბადებული, მაგრამ საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გაიზარდა და ამ ქვეყნის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებების შემადგენლობაში 7 მატჩი ჩაატარა.
2015 წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაუკავშირდა გოგიას ჩვენს ეროვნულ ნაკრებში გამოძახების მიზნით, მაგრამ ეს შეთანხმება ვერ შედგა.