გოგია გერმანიაში დაბრუნდა - დრეზდენში ქართველის იმედი აქვთ #1TVSPORT
აკაკი გოგია დრეზდენის „დინამოში“ დაბრუნდა. 30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გერმანიის ლიგა 3-ის გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა – ინფორმაციას გერმანული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
აკაკი გოგია დრეზდენის „დინამოს“ შეუერთდა. 30 წლის თავდამსხმელი „ციურიხიდან“ ელბაზე ბრუნდება, სადაც 2016/2017 წლების სეზონში უკვე იჯარით ითამაშა. კლუბები შეთანხმდნენ, რომ ტრანსფერის პირობები არ გაამჟღავნონ. გოგიამ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ტრანსფერზე კომენტარი დრეზდენის „დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა რალფ ბეკერმა გააკეთა.
„ის შეტევაში მრავალფეროვანია, ორივე ფეხით თამაშობს და გამორჩეული დრიბლინგი აქვს. აკაკი გოგია აერთიანებს ყველა იმ ელემენტს, რომელიც წინსვლაში დაგვეხმარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მან საკუთარი მომავალი დაგვიკავშირა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, რათა გუნდი ერთად ავაშენოთ. ის ძალიან კარგად იცნობს კლუბს და თავისი გამოცდილებით დრეზდენის „დინამოს“ ერთ-ერთი მაგალითი უნდა გახდეს, განსაკუთრებით – ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის“.