გოგა ბითაძის „ორლანდომ“ NBA-ში ზედიზედ მერვე შეხვედრაში გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) წარმატებულ სვლას აგრძელებს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“. ფლორიდელებმა გამთენიისას „ვაშინგტონ უიზარდსი“ საკუთარ მოედანზე 139:120 დაამარცხეს.
ეს გამარჯვება „ორლანდოსთვის“ ზედიზედ მერვე იყო ლიგაში, ქართველმა კალათბურთელმა კი კვლავ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
ბითაძემ მოედანზე 23:43 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ თამაშიდან 5-ჯერ ესროლა, საიდანაც 2 ტყორცნა ზუსტი იყო, მან ასევე ჩააგდო 4-დან 4 საჯარიმო.
აღსანიშნავია, რომ „ორლანდო მეჯიქმა“ მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგო და გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. მასპინძელთა რიგებში 31 ქულით საუკეთესო გერმანელი ფრანც ვაგნერი იყო, ხოლო კოულ ენტონიმ 25 ქულა ჩააგდო.
ამჟამად „ორლანდოს“ 13 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.