გოგა ბითაძის „ორლანდომ“ გამარჯვებების სერია „ბრუკლინთან“ შეხვედრაში შეწყვიტა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ში ზედიზედ ცხრა შეხვედრის მოგების შემდეგ, „ბრუკლინთან“ მატჩში სტუმრად 101:129 დამარცხდა.
თამაშში გადამწყვეტი აღმოჩნდა პირველივე მეოთხედი, რომელშიც „ბრუკლინმა“ 43 ქულა დააგროვა, „ორლანდოს“ მხოლოდ 22 ჩააგდებინა და შემდეგ ეს უპირატესობა მთელი შეხვედრის განმავლობაში შეინარჩუნა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კვლავ ფლორიდელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. გოგამ მოედანზე 15:26 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. ბითაძემ თამაშიდან ექვსჯერ შეუტია ფარს და მხოლოდ ერთი სროლა აღმოჩნდა ზუსტი, ასევე მან ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო.
შეხვედრის საუკეთესო ბომბარდირი „ბრუკლინის“ კალათბურთელი მიკალ ბრიჯის გახდა, რომლის ანგარიშზეც 42 ქულა იყო. „ორლანდოს“ რიგებში გამორჩეული 20 ქულით კოულ ენტონი გახლდათ.
ამ მომენტისთვის „ორლანდო მეჯიქს“ 14 გამარჯვება და ექვსი მარცხი აქვს, ამ შედეგით ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.