გოგა ბითაძის 7 ქულა სეზონის პირველ მატჩში - „ორლანდომ“ „პელიკანსი“ დაამარცხა #1TVSPORT
NBA-ის ახლი სეზონისთვის მოსამზადებელი პირველი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“. ფლორიდელებმა „ნიუ ორლეან პელიკანსს“ უმასპინძლეს და 122:105 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა 9 წუთი ითამაშა და ამ დროში 7 ქულა დააგროვა. ბითაძემ 4 სროლიდან 2 ჩააგდო, აქედან 1 სამქულიანი (2 სამიანი ისროლა). მან ასევე 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. გოგას 4 მოხსნაც ჰქონდა (2 შეტევაში, 2 დაცვაში) და ასევე 2 დაფარება.
„მეჯიქიდან“ ყველაზე პროდუქტიული ვენდელ კარტერი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო. მსოფლიოს ჩემპიონი სასტარტო ხუთეულში ფრანცი იყო, რომლის აქტივში 9 ქულაა (15 წუთში), მორიტცმა კი 14 წუთში 6 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
„ორლანდო“ მომდევნო მატჩს 13 ოქტომბერს, „კლივლენდ კავალიერსთან“ გამართავს, NBA-ის რეგულარული სეზონის პირველი შეხვედრა კი 26 ოქტომბერს საკუთარ დარბაზში „ჰიუსტონ როკეტსთან“ ელის.