გოგა ბითაძის 13 ქულა 13 წუთში და „ორლანდოს“ მე-13 ადგილი [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძემ „ორლანდოში“ პირველად 3 თებერვალს ითამაშა. მას მერე ყველაზე მეტი – 12 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, დღეს კი „მემფისთან“ მატჩში 13 წუთში 13 ქულა მიითვალა.
შეხვედრა მემფისში ჩატარდა და „ორლანდომ“ „გრიზლისთან“ 108:113 წააგო. ქართველი ცენტრი მოედანზე მესამე პერიოდში გამოჩნდა და აღნიშნულ მონაკვეთში მოედანზე გატარებულ 4:57 წუთში 11 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ზეშედეგიანი 5 წუთის შემდეგ, ბოლო პერიოდში გოგამ დაფარებების ოსტატობა გამოიჩინა და 8:19 წუთში 3 დაფარება მიითვალა.
ჯამში, ბითაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 13 წუთი, 13 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა. ის ერთხელ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს. „ორლანდოს“ ქართველმა ცენტრმა 5-იდან 4 ორქულიანი, 2-იდან 1 სამიანი და 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო.
საუკეთესო შედეგი პაოლო ბონკერომ დააფიქსირა – 24 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი 29 წუთში. ფრენც ვაგნერმა 32 წუთში 25 ქულა მოაგროვა. „მემფისში“ არ უთამაშია გუნდის ლიდერს, ჯა მორანტს, ხოლო 31 ქულით საუკეთესო დესმონდ ბეინი გახდა.
„ორლანდოს“ 32 მოგება და 44 მარცხი აქვს. ფლეი ინის ზონის ბოლო გუნდს, მე-10-ზე მყოფ „ჩიკაგოს“ კი – 36 მოგება და 39 მარცხი. დარჩენილ 6 მატჩში ამ სხვაობის აღმოფხვრა ფაქტობრივად შეუძლებელია და, სავარაუდოდ, „ორლანდო“ რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ NBA-ში სეზონს დაასრულებს.