გოგა ბითაძემ სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა - „ორლანდომ“ „ფინიქსი“ სტუმრად დაამარცხა #1TVSPORT
გოგა ბითაძემ სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა - „ორლანდომ“ „ფინიქსი“ სტუმრად დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტს, „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდა და 109:99 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ფლორიდელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 17 ქულა, 10 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ბითაძემ თამაშიდან 8-ჯერ ისროლა, საიდანაც 7 სროლა ზუსტი იყო, მის ანგარიშზე 4-დან 3 გამოყენებული საჯარიმოცაა.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 32 ქულა ფრანც ვაგნერმა დააგროვა, 20 ქულა ჩააგდო ენტონი ბლექმა, ხოლო მათ შემდეგ გოგა ბითაძე იყო, რომლისთვისაც „ფინიქსთან“ მატჩი მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა.

15 მატჩის შემდეგ „ორლანდო მეჯიქს“ 9 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ქართველის გუნდმა ზედიზედ მეექვსედ მოიგო.