გოგა ბითაძემ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - „ორლანდო“ „ოკლაჰომასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის, გოგა ბითაძის გუნდი „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ოკლაჰომა სიტი სანდერსთან“ 86:102 დამარცხდა.
ბითაძისთვის სტატისტიკურად ეს მატჩი მიმდინარე სეზონში საუკეთესო იყო. ქართველმა მოედანზე 26:44 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 11 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. გოგამ თამაშიდან 8-ჯერ ესროლა, საიდანაც 5 ტყორცნა ზუსტი იყო. მან ასევე 1 საჯარიმო გამოიყენა.
„ორლანდოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 22 ქულა გერმანელმა ფრანც ვაგნერმა ჩააგდო, 19 ქულა ჰქონდა ჯეილენ საგსს. მათ შემდეგ კი ყველაზე შედეგიანი ბითაძე გახლდათ.
ფლორიდელებს NBA-ს რეგულარულ სეზონში ჩატარებული 8 მატჩის შემდეგ 3 მოგება და 5 წაგება აქვთ, მორიგ შეხვედრას კი 7 ნოემბერს „ინდიანა პეისერსთან“ ჩაატარებენ.
თავისი შეხვედრა ასევე სტუმრად წააგო სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“. ტეხასელები „კლიპერსთან“ 104:113 დამარცხდნენ. სანდრომ მოედანზე 4:35 წუთი გაატარა და 5 ქულა ჩააგდო, მან 4-დან 2 ორქულიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა.