გოგა ბითაძე - უკანდასახევი გზა არ გვაქვს – მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ #1TVSPORT
30 აგვისტოს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე შეხვედრას გამართავს. მისი მოწინააღმდეგე ვენესუელა იქნება, რომელმაც პირველ ტურში სლოვენიასთან დათმო, მეორეშიკი კაბო ვერდესთან დამარცხდა. თავის მხრივ, საქართველოს თითო მოგება-წაგება აქვს, ჯერ კაბო ვერდეს მოუგო, შემდეგ სლოვენიასთან დამარცხდა. ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვს, თუმცა თეორიული შანსი ვენესუელელებსაც გააჩნიათ: მათ საქართველოსთან 15-ზე მეტი ქულით მოგება სჭირდებათ.
ამ გადამწყვეტი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო 30 აგვისტოს 12 საათიდან შემოგთავაზებთ.
მატჩის წინა დღეს, იაპონიის დროით 14 საათზე საქართველოს ნაკრებმა „ოკინავა არენის“ გვერდით, „გიმნაზიუმში“ ივარჯიშა. ბოლო წუთები მედიისთვის ღია იყო. საინტერესო იყო დუდა სანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც სლოვენიასთან მატჩი გამაყუჩებლით ითამაშა. როგორც თავად გვითხრა, თავს უკეთ გრძნობს და სრული დატვირთვითაც ივარჯიშა.
გუნდი საბრძოლო განწყობაზე რომ არის, გოგა ბითაძის სიტყვებიდანაც ჩანს:
„სლოვენია ძალიან ძლიერი მეტოქეა და ცალკეულ მომენტებში არბიტრებიც არ გვწყალობდნენ. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მოგება მაინც შეგვეძლო. ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით დაცვაში. თუმცა საკალათბურთო ცხოვრება ერთი მატჩით არ შემოიფარგლება, ამიტომაც მთლიანად უახლოეს მატჩზე ვართ გადართული. ვენესუელასთან მეტად პრინციპული თამაში გველის. წარმატების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 16 უძლიერეს ნაკრებს შორის მოხვდება, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ამბავია.
მომავალი მეტოქე კარგად შევისწავლეთ. ზუსტად ვიცით ვენესუელელთა ძლიერი და სუსტი მხარეები. გუნდი აქცენტს სწრაფ შეტევასა და ზუსტი სამქულიანების შესრულებაზე აკეთებს. ამ მხრივ მოწინააღმდეგე მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ და წინა ხაზში ჩვენი უპირატესობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. უკანდასახევი გზა არ გვაქვს – მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ და იმედია, გავიმარჯვებთ“.
საქართველოს ნაკრების შემდეგ დარბაზში ვენესუელა შევიდა. კოჭლობდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მაიკლ კარერა, რომელმაც კაბო ვერდესთან ტრავმა მიიღო და, დიდი ალბათობით, ხვალ ვერ ითამაშებს.