გოგა ბითაძე „ორლანდო მეჯიქის“ სასტარტო შემადგენლობაში შედეგიანად დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
18 დეკემბრის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა, გოგა ბითაძემ პირველად ითამაშა „ორლანდო მეჯიქის“ სასტარტო შემადგენლობაში, მისმა გუნდმა კი „ნიუ იორკ ნიქსი“ საკუთარ მოედანზე 117:108 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა მწვრთნელისგან 30:26 წუთი მიიღო, რა დროშიც 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოგამ 8 დან 4 ორქულიანი და 8 დან 5 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა, მისმა შედეგიანობის კოეფიციენტმა კი +16 შეადგინა.
მატჩი დაძაბული გამოვიდა და მასპინძლებმა მეორე მეოთხედში (29:15 „ორლანდოს“ სასარგებლოდ) მიღებული უპირატესობის წყალობით შეძლეს გამარჯვების მოპოვა.
ორლანდოელთა რიგებში მოედანზე საუკეთესო 32 ქულით ფრანც ვაგნერი იყო, 29 ქულა ჰქონდა აშშ-ს ნაკრების უკანახაზელს, პაოლო ბანკეროს, ხოლო თავისიანებს 21 ქულით დაეხმარა ჯეილენ საგსი.
ამ მომენტისთვის „ორლანდო მეჯიქს“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში 19 გამარჯვება და 12 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.