მილანის „ინტერის“ მცველმა დიეგო გოდინმა, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.
გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, ურუგვაელი ფეხბურთელის გაფორმებით „ლიონია“ დაინტერსებული. კლუბის სპორტულ დირექტორ ჟუნინიოს მიაჩნია, რომ გოდინი გამოადგება გუნდს ხასიათითა და სათამაშო გამოცდილებით, მაგრამ ფეხბურთელის მაღალმა მოთხოვნებმა ხელფასის მხრივ, შეიძლება ხელი შეუშალოს ტრანსფერს.
ამ მომენტისთვის, ურუგვაელი მილანურ კლუბში წელიწადში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ „ინტერს” ფეხბურთელთან გამოთხოვება სურს.
გოდინის ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში მცველმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.