გოცირიძემ „თელავში“ ხომუტოვი შეცვალა
გოცირიძემ „თელავში“ ხომუტოვი შეცვალა

საფეხბურთო კლუბ „თელავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – უკრაინელი დენის ხომუტოვი, რომელმაც კლუბი გასულ კვირას დატოვა, რევაზ გოცირიძემ შეცვალა.

38 წლის სპეციალისტი ბოლოს ეროვნულ ლიგა 3-ში მონაწილე თბილისის „საბურთალო 2“-ს თავკაცობდა, პარალელურად კი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის, გია ჭიაბრიშვილის თანაშემწე გახლდათ.

რევაზ გოცირიძეს სკ „თელავში“ ადრეც უმუშავია და 2016 წელს, კლუბის შექმნის დროს მალხაზ ჟვანიას თანაშემწე გახლდათ – იმ დროს, რეგიონალლიგაში მოთამაშე სკ „თელავმა“, ჟვანია-გოცირიძის ხელმძღვანელობით მთლიანობაში 14 შეხვედრა გამართა, 13 მატჩი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ეროვნული ლიგა 3-ის საგზურიც ტრიუმფალურად მოიგო.

რევაზ გოცირიძემ „თელავში“ პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა – გუნდი მისი ხელმძღვანელობით პირველ შეხვედრას ორშაბათს, 24 ივნისს ჩაატარებენ – „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“-ის მე-16 ტურში „თელავი“ გათამაშების ლიდერს, თბილისის „მერანს“ უმასპინძლებს.