გოჩოლეიშვილის „შახტარმა“ აუტსაიდერი დაამარცხა - თამაში სკანდალით დასრულდა #1TVSPORT
გოჩოლეიშვილის „შახტარმა“ აუტსაიდერი დაამარცხა - თამაში სკანდალით დასრულდა #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა დონეცკის „შახტარში“, რომელმაც მინიმალური ანგარიშით დაამარცხა „მინაი“, თუმცა, ეს მოგება გააუფერულა მსაჯის გადაწყვეტილებამ, რომელმაც „მინაის“ გოლი არ ჩათვალა.

„შახტარმა“ უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩი მეტოქის სტადიონზე გამართა. საქართველოს ნაკრების მცველი ბოლო პერიოდში პირევლად მოხვდა სათადარიგოებში, მოედანზე კი 70-ე წუთზე შევიდა.

იგორ იოვიჩევიჩის გუნდმა მე-12 წუთზე მოახერხა დაწინაურება – ლასინა ტრაორემ, რომელმაც საჯარიმოში პასი მიიღო მარიან შვედისგან, ახლო კუთხურში ზუსტად დაარტყა და, როგორც გაირკვა, გუნდს გამარჯვება მოუტანა.

სკანდალური ეპიზოდი პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა. „მინაის“ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, დიმიტრი ნემჩანინოვის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და მთლიანად გადაკვეთა ხაზი, რაც ვიდეოგამეორებაზე ჩანდა, მაგრამ მსაჯმა სხვაგვარად ჩათვალა და თამაში გააგრძელა, ვიდეორეფერი კი ამ მატჩზე არ მუშაობდა.