გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ თამაში გადაარჩინა, კაკაბაძის „კრაკოვიამ“ გაიმარჯვა - საბერძნეთში ქართველების დაპირისპირება შენგელიას „ოფიმ“ მოიგო #1TVSPORT
სლოვაკეთის ჩემპიონატში თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე“ „ბანსკა ბისტრიცას“ ესტუმრა და 1:0 დამარცხდა. ქართველმა ლეგიონერმა 90 წუთი ითამაშა. თურქეთის I ლიგაში გიორგი ბერიძის „ქოჯაელისფორმა“ „ისთანბულსფორს“ სძლია 3:0. ქართველი თავდამსხმელი შესვენებაზე შეცვალეს.
„კოპენჰაგენის“ ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მაგრამ მეორე ტაიმი სრულად ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილმა – დანიის სუპერლიგაში „სილკებორგთან“ გასვლით შეხვედრაში ქართველი მცველის გუნდი 2:0-ს აგებდა, მაგრამ მატჩის მიწურულს გატანილი გოლებით ქულა მოიპოვა – 2:2.
საბერძნეთის სუპერლიგაში ქართველების დაპირისპირება შედგა – ლუკა გუგეშაშვილის „პანსერაიკოსმა“ ლევან შენგელიას „ოფის“უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა, შენგელია კი მხოლოდ დამატებულ წუთზე შეცვალეს.
ტირასპოლის „შერიფში“ ლადო მამუჩაშვილის მიმართ უცნაურ დამოკიდებულებას ავლენენ – ჰეთ-თრიქის შესრულების შემდეგ მოლდოვას სუპერლიგაში ჯერ არ ათამაშეს, ახლა კი „სპარტა სელემეტთან“ გასვლაზე მოგებულ (1:0) მატჩში მოედანზე მხოლოდ 69-ე წუთზე შეუშვეს.
ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ითამაშა შეუცვლელად – კვიპროსში ლაშა დვალის „აპოელმა“ ლარნაკას „აეკს“ უმასპინძლა, შეხვედრის ბოლოს გაშვებული გოლით დამარცხდა 0:1 და სამეულში ადგილი დაკარგა.
შვედეთის ალსვენსკანში „სირიუსმა“ შინ „ელფსბორგს“ 4:1 სძლია. მასპინძელთა შემადგენლობაში შეცვლაზე ითამაშა საბა მამაცაშვილმა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდება და შვედეთის 21-წლამდელებთან გადამწყვეტი მატჩისთვის მოემზადება.
პოლონეთის ექსტრაკლასაში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ გასვლაზე „შლიონსკთან“ 2:0-ს აგებდა, მაგრამ თამაში შემოატრიალა და საბოლოოდ 4:2 გაიმარჯვა. ქართველმა მცველმა 7,2 ქულა მიიღო, გუნდი კი ჩემპიონატის ლიდერთა სამეულშია.