გოჩოლეიშვილი უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს - ქართველი მატჩის ნამდვილი გმირია #1TVSPORT
დონეცკის „შახტარის“ ქართველი მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის ჩემპიონატის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – ტურის რჩეულები გამოცემა „უა-ფუტბოლმა“ შეარჩია.
საქართველოს ნაკრების მცველი ტურის მთავარ გმირებში „ოლექსანდროასთან“ მოგებული თამაშის შემდეგ მოხვდა, რომელიც დონეცკის „შახტარმა“ 2:1 მოიგო, ორივე საგოლე გადაცემა კი გოჩოლეიშვილის ანგარიშზეა.
„მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი). დონეცკელების მარჯვენა მცველმა ფლანგზე საოცრად ბევრი იშრომა და საგოლე პასების დუბლი შეასრულა, რომლებიც გოლებით სიკანმა და ტრაორემ დაასრულეს. ქართველი მატჩის ნამდვილი გმირია და ჩვენს სიმბოლურ გუნდში ადგილს იმსახურებს“, – წერს უკრანული გამოცემა.
22 წლის მცველი ასევე მოხვდა გამოცემა „სპორტარენას“ მიერ შედგენილ სიმბოლურ გუნდში. მისმა თანაგუნდელმა, დონეცკის „შახტარის“ თავდამსხმელმა დანილო სიკანმა „ოლექსანდრიასთან“ მატჩის შესახებ საუბრისას ქართველი მცველი ახსენა:
„ამ თამაშში გოჩოლეიშვილი უნდა გამოვარჩიო, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ხელახლა გაიხსნა? გიორგი ყოველთვის მონდომებულია, ახლა კი გადაცემებით თამაშის მოგებაში დაგვეხმარა. დარწმუნებული ვარ, რომ „შახტარი“ უკეთ მოემზადება და უკრაინის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებს კარგ ფორმაში შეხვდება“.