გოჩოლეიშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა - გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილმა დანიაში გადასვლის შემდეგ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა „კოპენჰაგენის“ ძირითად შემადგენლობაში, რომელიც სუპერლიგაში „ბრონდბიუს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0. ქართველმა მარჯვენა მცველმა 7.5 ქულა დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძის და საბა საზონოვის „ემპოლი“ „პარმას“ ესტუმრა – 1:1. გოგლიჩიძე კვლავ „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო საზონოვი ტრავმირებულია და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. 35-ე წუთზე ანგარიში „ემპოლიმ“ ფაცინის დარტყმით გახსნა. „პარმამ“ წონასწორობა შარპენტიეს (80) გოლით აღადგინა და წინ გასვლაც შეეძლო, მაგრამ ბონიმ პენალტი (83) ვერ გამოიყენა.
ესტონეთის პრემიუმლიგაში „ნარვამ“ (შალვა ბურჯანაძე, ვაჟა ნემსაძე, ზაქარია ბეგლარიშვილი და სერგო კუხიანიძე) „პიარნუსთან“ 1:1 ითამაშა და სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მე-5 ადგილზეა. გუნდი ევროსაგზურს ვერ მოიპოვებს, მაგრამ ლიგიდან გავარდნის საფრთხეც თავიდან აიცილა. ქართველებიდან ბურჯანაძემ ითამაშა, ხოლო კუხიანიძე სათადარიგოებში იყო.