გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენში“ ადგილს იმკვიდრებს - კიტეიშვილი „შტურმის“ ძირითადში დაბრუნდა #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგაში და დანიის სუპერლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველმა ლეგიონერებმა ითამაშეს.
სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ ვენაში „აუსტრიას“ ესტუმრა და 3:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი დისკვალიფიცირებული არაა, მაგრამ მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, რისი მიზეზიც უცნობია.
გრაცის „შტურმმა“ ლავალეს (34) და ბირითის (86) გოლებით შინ „ჰარტბერგს“ 2:0 სძლია. ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ ოთარ კიტეიშვილი ფორმაში შესვლას ცდილობს – ავსტრიის ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე ახალ სეზონში ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და 62-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ დანიის სუპერლიგის მე-4 ტურში „სონდერიისკეს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. 23 წლის ქართველი მცველი ახალ გუნდში ადგილს იმკვიდრებს და ზედიზედ მეორე მატჩია, ძირითად შემადგენლობაშია – ამჯერად 77 წუთი ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება, 7,3 ქულა მიიღო.