გოჩა სვანიძე - რაგბის კავშირის საკუთარი შემოსავლები გაიზარდა სამჯერ, იმიტომ რომ პროცესები სწორად იგეგმება
გოჩა სვანიძე - რაგბის კავშირის საკუთარი შემოსავლები გაიზარდა სამჯერ, იმიტომ რომ პროცესები სწორად იგეგმება

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი და მომავალი არჩევნების პრეზიდენტობის კანდიდატი გოჩა სვანიძე გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა. მოქმედმა პრეზიდენტმა ქართულ რაგბიში მიმდინარე მოვლენებზე, არჩევნებზე, გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა. გოჩა სვანიძემ განსაკუთრებით დიდი დრო არჩევნებზე ხმების გადანაწილების პრინციპის განხილვას დაუთმო:

„ეს წესი საქართველოს რაგბის კავშირში 1998 წლიდან არსებობს. როდესაც ეს წესი შევიმუშავეთ და ერთ-ერთი ავტორი მე გახლდით. საქართველოში სულ სამი-ოთხი მოქმედი გუნდი იყო.  ეს მარტო ჩემი იდეა არ იყო. ვეტერანები და გამოცდილი მორაგბეები, მწვრთნელები მონაწილეობდნენ წესდების შექმნაში. შევჯერდით, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა, გაგვეკთებინა სტიმულაცია, რომ ყველა სუბიექტს უნდა ჰქონდეს გარანტირებული ერთი ხმა. ჩვენ გვქონდა უფლება, რომ გაგვეკეთებინა წახალისების ფორმები, რომ წაგვეხალისებინა კლუბის სტრუქტურა. გადავწყვიტეთ, რომ ერთი დიდი გუნდი მაინც უნდა ჰყავდეს კლუბს. ნებისმიერი სუბიექტის გადასაწყვეტია, როგორ განვითარდება. უნდა, იმუშაოს მარტო სპორტულ მიღწევებზე და იყოს ერთი გუნდით წარმოდგენილი და შესაბამისად  რაგბის განვითარებაში ექნება ის თავისი გარანტირებული ერთი ხმა მაინც. უნდა იმუშაოს რაგბის განვითარებაზე ზოგადად, არამარტო მისი კლუბის, არამედ ზოგადად რაგბის განვითარებაზე იზრუნოს და შექმნას ბავშვთა გუნდები, ასაკობრივი გუნდები და ასე შემდეგ. სწორედ ამ პრინციპს მიება ხმების განაწილების წესი.

ყველა არჩევნები საქართველოში, ყველა სფეროში რთულია, ახლავს ამას თავისი სუბიექტური მომენტები, გაღიზიანებები, პირადი სიმპატიები, ანტიპატიები და ასე შემდეგ. რაგბის კავშირში გამართულ არცერთი ყრილობაზე ეს თემა არ ყოფილა საკამათო. არჩევნების შემდგომ მე დავაყენე ეს საკითხი – ხომ არ გადაგვეხედა ხმების განაწილების წესზე. პროექტიც შევიმუშავე, კლუბებთან რამდენიმე შეხვედრა გავაკეთეთ. ინტერესიც კი არ გამოიწვია, რომ რამე შეცვლილიყო. ბოლოს დავტოვეთ ისე, როგორც იყო. როგორი მოდელიც არ უნდა მიმეღო, იფიქრებდნენ, რომ მოქმედ პრეზიდენტს საკუთარ თავზე მორგება უნდა. სწორედ ამიტომ ავარიდე თავი ამ დელიკატურ საკითხს.  ერთ კანდიდატსაც და მეორესაც შეეძლოთ ინიციატივა გამოეჩინათ და  ხმების განაწილების ის წესი, რომელიც საერთო კრებამ უნდა მიიღოს, შეცვლილიყო დადგენილი წესით.

არსებული წესი მთლიანობაში პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს,  მაგრამ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როდესაც უკვე შექმნილია ამდენი კლუბი, თავისი სტრუქტურით, თავისი მოცემულობით, რაღაც კორექტივები იყოს შეტანილი. თუ ვინმეს დააინტერესებს შემიძლია ის მოდელი ვაჩვენო, რომელიც კლუბებისთვის გვქონდა წარდგენილი.  ცხადია გაუმჯობესებას საჭიროებს არსებული მოდელი, რომელიც 20 წელია არსებობს.“

გოჩა სვანიძე მზიურში არსებული ფართის, საკითხსაც შეეხო, რომელიც რაგბის კავშირის საკუთრებაში იყო და გასხვისდა:

„საქართველოს რაგბის კავშირის საიტზე არის შარშანდელი ჩვენი განცხადება, სადაც ძალიან დეტალურად არის აღწერილი ის მოვლენები, რომლებიც ამ საკითხს წინ უძღვოდა და რატომ მოხდა ასე. ეს მიწაზე 2009 წლიდან, როდესაც ჯერ კიდევ ორ ჰექტარზე ოდნავ მეტი ეკუთვნოდა რაგბის კავშირს, მოხსნილია ყოველგვარი ვალდებულებები. მაშინდელმა მერიამ და დღევანდელმაც დაადასტურა, რომ არათუ ვალდებულებები მოიხსნა, არამედ საცხოვრებლ ზონად გამოცხადდა ეს ტერიტორია.  გეოლოგიურად არ იძლევა საშუალებას, რომ ამ ტერიტორიზე მოედნები მოეწყოს. არც მიწის კონფიგურაცია გვაძლევდა მოედნის გაკეთების საშუალებას, ყველანაირად მოუხერხებელი იყო.ამბობენ, ბავშვებს წაართვეს მოედანიო. როდისმე იქ ბავშვები ვარჯიშობდნენ? მე სულ ოთხი წელია, რაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი ვარ, მანამდე ორი-სამი-ოთხი პრეზიდენტი გამოიცვალა, რომელიმემ ავარჯიშა იქ?

ამ მიწით საქართველოს რაგბის კავშირისთვის სარგებლობის მოტანის საკითხი გავლილი აქვს არაერთ გამგეობას. პირადად მე გახლდით იმ პერიოდში გამგეობის თავმჯდომარე და ოპონენტების, ყველა თუ არა, ნაწილი მაინც იყო გამგეობის წევრი და მათაც აქვთ მიღებული გადაწყვეტილება. ჯერ კიდევ 2010 წელს, თუ არ ვცდები, ერთ-ერთმა ცნობილმა არქიტექტორმა გააკეთა პროექტი, რომელზეც უნდა აშენებულიყო უზარმაზარი ნაგებობა. ეს ხალხი მონაწილეა, მთელმა სარაგბო სამყარომ იცის. უბრალოდ, ის პროექტი იდეურად იყო წამგებიანი, ჩვენთვის, როგორც თბილისის მოქალაქეებისთვისაც, არ დაგიმალავთ მიუღებელი იყო იმიტომ, რომ არ შეიძლება ქალაქის ცენტრში უზარმარარი „მახინა“ იდგეს. იქ მწვანე ნარგავები არა გვაქვს და რეკრეაციული ზონები. შესაბამისად, ჯობდა რომ გაკეთებულიყო უფრო ჰაეროვანი, თავისუფალი, მაგრამ ელიტარული ბინები. სამჯერ აქვს რაგბის  კავშირს 2004 წლიდან მიღებული გადაწყვეტილებები, რომ ეს მიწის ნაკვეთი უნდა იყოს გამოყენებული იმგვარად, რომ იქიდან მიღებულმა ამონაგებმა, მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა დააფინანსოს და ამის მონაწილე გახლდათ ჩემი ოპონენტების უმრავლესობა, ვინც მაშინ რაგბის კავშირში იყო. საზოგადოებამ შეიძლება არ იცის, მაგრამ ჩვენ იმ მიწის ნაკვეთში წელიწადში 40 ათას ლარს ვიხდიდით, მარტო იმაში, რომ ჩვენი საკუთრება იყო. 10 წლის განმავლობაში 400 ათასი ლარია გადაყრილი, ისე რომ ვერაფერში გამოვიყენეთ. რატომ მანამდე არ გააკეთეს მოედანი და რატომ არ ვარჯიშობდნენ მანამდე, გოჩა სვანიძემ დაასამარა ეს იდეა? აქ არის საუბარი წინასაარჩევნო პიარზე“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი და მომავალი არჩევნების პრეზიდენტობის კანდიდატი ბავშვთა რაგბის თემასაც შეეხო:

„ბავშვთა რაგბი არის ჩემი პრიორიტეტი. ჩვენ თუ გვინდა, გავხდეთ ელიტარული, მსოფლიო დონის სარაგბო ქვეყანა, პირველ რიგში უნდა მოვაწესრიგოთ ის ნაკლოვანებები, რაც ბავშვთა რაგბიში გვაქვს. რიცხოვნება იზრდება და კარგია, მაგრამ არ შეიძლება, რომ 40-50 ბავშვთან ერთი მწვრთნელი მუშაობდეს, ვეთანხმები ირაკლი აბუსერიძეს. მოზარდ ასაკში გვაქვს სხვა დაკვთა, სხვა ამოცანები. მათ უნდა შეიძინონ სარაგბო უნარები. გვჭირდება უფრო ის მწვრთნელები, რომლებიც ბავშვებთან უფრო ინდივიდუალურად იმუშავებენ, ვიდრე გუნდურად. გუნდურობა იწყება 17-18 წლის ასაკიდან და ამის შემდეგ იღებს დიდი რაგბის სახეს. მანამდე ისინი ინდივიდუალურად უნდა იყვნენ ძლიერები, უნდა ჰქონდეთ კარგი სარაგბო უნარები, პერიფერიული ხედვა, კარგი პასის მიცემა-მიღება, ჰაერში თამაშის უნარები, რაც გვაკლია ქართულ რაგბიში, იცოდნენ სწორი ბოჭვა.

ჩვენი ყველა მოთამაშე არის თავდადებული. რომელს აქვს გავლილი სწორი ბოჭვის გაკვეთილები საქართველოში? მე არ მახსოვს, რომ ასეთი რამე ხდებოდეს, შეიძლება ერთეულებმა იციან, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის. ახალ ზელანდიელს, სამხრეთ აფრიკელს ჰკითხეთ და გეტყვიან, რომ ეს არის ცალკე დისციპლინა. ვექტორი ამ მიმართულებით უნდა შემოვატრიალოთ. ჩვენ გასული წლის ბოლოს მივიღეთ დებულება, რომელიც ამუშვდება მას შემდეგ, რაც დაკომპლექტდება შესაბამისი კომისია. ეს არის მწვრთნელთა მომზადებისა და გადამზადების დებულება. არცერთი საქართველოში მომზადებული მწვრთნელი, არ გადიოდა იმ ძირითად დისციპლინას, რასაც ჰქვია ბავშვთა ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, ფიზიოლოგია. როგორ შეიძლება, რომ ბავშვთან მიუშვა ადამიანი, რომელმაც შეიძლება ფანტასტიურად იცის რაგბი, მაგრამ პედაგოგიკის ელემენტებს არ ფლობს?“

გოჩა სვანიძემ ისაუბრა სახელმწიფოსგან რაგბის კავშირის დაფინანსების გაზრდაზე და აღნიშნა, რომ ბინფლაციის პირობებში, დაფინანსება რეალურად შემცირებულია:

„რაც შეეხება დაფინანსების რაოდენობას. 17 მილიონი ლარი, რომელსაც სახელმწიფო გვაძლევს, თითქოს გაზრდილია, მაგრამ მე მარტივად დაგიმტკიცებთ, რომ შემცირებულია. როდესაც 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები წარსდგა, მაშინ სახელმწიფოდან 13.5 მილიონი ლარი გვქონდა დაფინანსება, რაც იყო დაახლოებით 9-10 მლიონი დოლარი. ჩვენ ხარჯი ვალუტაში გვაქვს და ახლა, მინიმუმ ორი მილიონით დოლარით არის შემცირებული ჩვენი დაფინანსება. ამას ვთხოვთ სახელმიფოს, რომ საგნობრივად მივუდგეთ საკითხს და არა ისე, რომ მოგიმატე თუ არა. არ მოგვიმატეს, პირიქით დაგვიკლეს. კლუბების დაფინასება – 400 ათასი ლარი, რომელიც 2012 წელს განისაზღვრა 300 ათას დოლარამდე იყო. დღევანდელი 400 ათასი ლარი რამდენი დოლარია? მოთამაშეებმა საშუალოდ რამდენი უნდა მიიღონ? შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ ფეხბურთში რასაც მესამე ლიგა ღებულობს, იმას ჩვენი პირველი ლიგა არ იღებს, ნახევარსაც კი. რაგბის კავშირმა შარშან ჩვენით მოვუმატეთ პირველ ლიგას დაფინანსება. არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, არამედ ჩვენი შემოსავლებით. რაგბის კავშირის საკუთარი შემოსავლები გაიზარდა სამჯერ, იმიტომ რომ სწორად იგეგმება პროცესები. რატომ ამაზე არაფერს ამბობენ?“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კლუბების განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა:

„ჩემი პრეზიდენტობის დროს კლუბებმა სისტემატურად დაიწყეს თამაში ევროპის თასებზე. თუმცა, წელს თვითონ ევროპის რაგბიმ შეცვალა ფორმატი და არ ათამაშებს იმ თასს, რომელზეც ჩვენ ვასპარეზობთ. „ჯიქმა“ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ წავიდნენ და წავიდა „ბათუმი“, მერე მიჰყვა „ლოკომოტივი“. ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ მათ ვთხოვდით, რომ მეორე კლუბიც დაემატებინათ ჩვენთვის, შეიძლება პირველ კლუბს არ ჰქონდა ფული, მაგრამ მეორე, თუ მოიძიებდა სახსრებს, ის წავიდოდა. თუმცა, როგორც გითხარით შეაჩერეს ეს პროექტი და ახალ ფორმატს ელოდებიან.

რაც შეეხება რუსეთის თემას. ჩვენ გვქონდა პირდაპირი მოლაპარაკებები მსოფლიო რაგბისა და ევროპის რაგბის მეშვეობით, რომ ჩვენ მინიმუმ რეგიონალური ტურნირი უნდა გაგვეკეთებინა. რუსებს სასპონსორო რესურსები გაცილებით მეტი აქვთ და ჩვენ სწორედ მათ შევთავაზეთ, ხომ არ დააფინანსებდნენ ისე, რომ კლუბები უდანახარჯოდ გამოსულიყვნენ ტურნირზე და პირიქით, შემოსავალი ჰქონოდათ. ამაზე მივიღეთ თანხმობა, პროექტი გაიწერა, რუმინელებიც ჩართულები იყვნენ ამ პროექტში, გერმანელებმაც განაცხადეს თანხმობა. უკვე, თითქოს გასულ წელს უნდა დაანოსებულიყო, მაგრამ სამწუხროდ, პოლიტიკური მოვლენების გამო, რომელსაც რაგბთან კავშირი არ ჰქონდა, პროექტი დროებით შეჩერდა.“

გოჩა სვანიძე ეროვნული ნაკრების მაღალი მიღწევების მენეჯერისა და მთავარი მწვრთნელის შერჩევის საკითხსაც შეეხო:

„მაღალი მიღწევების მენეჯერთან დაკავშირებით – ჩვენ დასაკარგი დრო არ გვქონდა და შევარჩიეთ ის კანდიდატურა, რომელიც მსოფლიო რაგბიმ არათუ მოგვიწონა, არემედ გვითხრა, რომ ეს არის თქვენი წარმატების ერთ-ერთი გასაღებიო. ეს ადამიანი უკვე შერჩეულია, თებერვალში ჩამოვა და შეუდგება საქმიანობას. მას გეგმაც აქვს დაწერილი და მერწმუნეთ, რომ ეს ნებისმიერ პრეზიდენტს და ნებისმიერ მმართველობას წაადგება.

რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მწვრთნელს – არასწორად იქნა გაგებული და აღქმული ის, რომ თითქოს ჩვენ უკვე დავნიშნეთ. მე ვეთანხმები ოპონენტებს, რადგან ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ისეთი თემაა, რომელიც უნდა გადაწყდეს მოქმედი გამგეობისა და მოქმედი პრეზიდენტის მიერ. მე უბრალოდ ვთქვი, რომ ჩემს, როგორც პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მიერ მწვრთნელი მოძიებულია და წინასწარი მოლაპარაკებები უკვე დასრულებული გვაქვს. შემოგვიერთდება მაისის მეორე ნახევარში, მანამდე ის ჩამოსვლას აპირებს ერთი კვირით და მხოლოდ ამის შემდეგ წარვუდგენთ მოქმედ გამგეობას. ის ჯერ მხოლოდ კანდიდატია. მისი მომავალი საქართველოში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან სრული ინტერვიუ იხილეთ ბმულზე