საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას, მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ საქართველო მხარს არგენტინელ კანდიდატს, აგუსტინ პიშოს უჭერდა, თუმცა მცირე უპირატესობით არჩევნები ინგლისელმა ბილ ბიმონტმა მოიგო.
გოჩა სვანიძე: „პიშოს მხარს საქართველო მხოლოდ ამ პერიოდში არ უჭერდა, ეს იყო იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც გია ნიჟარაძის დროს გვქონდა. ჩვენ ვართ მომხრეები, რომ მოხდეს უფრო რადიკალური, ორგანიზაციული ცვლილებებით რაგბის განვითარება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოდნავ დაგვიანებულია, თუნდაც ფრთხილი რეფორმების დაწყება მსოფლიო რაგბში. ამას ჩვენ ღიად ვაცხადებთ და ეს მოულოდნელი არავისთვის არ არის. თუმცა, მოლოდინი იმისა, რომ გაიმარჯვებდა ბიმონტი, ნამდვილად არსებობდა. მიუხედავად ამისა, ეს ჩვენი პოზიციაა, ეს ცივილიზებული სამყაროა“.
გოჩა სვანიძის თქმით, მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატთან ჰქონდათ კომუნიკაცია – პიშოც და ბიმონტიც ქართულ რაგბს მხარდაჭერას უცხადებენ და საჭირო დროს რეფორმების ჩატარებისთვის მზად არიან. გოჩა სვანიძემ აღნიშნა, რომ „ექვსი ერის“ მესვეურები მსგავსი რეფორმების წინააღმდეგები არიან და ეს ერთ-ერთი უმთავრესი ხელის შემშლელი ფაქტორია.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან სრული ინტერვიუ ნახეთ ბმულზე.