გოჩა გოგრიჭიანი - საქართველოს ნაკრებში ახალი თაობა მოდის და მგონია, რომ კარგი მომავალი ექნებათ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ რუსეთიდან საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გოჩა გოგრიჭიანი ჩაერთო.
„გოჩა გოგრიჭიანი „დინამოში“ დიდხანს არ თამაშობდა. მაგრამ ძალიან ნიჭიერი მოთამაშე იყო, გუნდში 16 წლის ასაკში მოვიდა და ნოდარ ახალკაცს მისი დიდი იმედი ჰქონდა. აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ რუსეთში წავიდა“, – გაიხსენა ვლადიმერ გუცაევმა.
გოჩა გოგრიჭიანი 90-იანი წლების საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იყო, მისი ფორმით ჩაატარა 9 მატჩი და გაიტანა 2 გოლი, მათ შორის ერთი – 1994 წლის ნოემბერში უელსთან მოგებულ მატჩში (5:0). უთამაშია თბილისისა და სოხუმის „დინამოში“, სოხუმის „ცხუმში“, ლანჩხუთის „გურიაში“, სოჭის „ჟემჩუჟინაში“, კვიპროსის „ომინიასა“ და სხვა არაერთ კლუბში.
გოჩა გოგრიჭიანმა თავის საქმიანობაზე ილაპარაკა და განაცახდა, რომ რუსულ ფეხბურთს ქართული ტექნიკა აკლია.
„ამჟამად სოჭში საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელად ვმუშაობ და 16-17 წლის ბავშვებს ვამზადებ. სულ ვამბობდი, რომ რუსეთის ჩემპიონატს ყოველთვის აკლდა რაღაც, მაგალითად, ქართული ტექნიკა აკლია. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ჩემპიონატი წინ დგას. მაგრამ ადრე რომ იყვნენ, ისეთი ფეხბურთელები არ არიან და იმასაც ვერ ვიტყვი, რომ წინ წავიდა, რაღაც აკლია და ერთ ადგილზე გაჩერებული, წინსვლის გზა ვერ მოძებნეს“, – განაცხადა გოჩა გოგრიჭიანმა.
მისი თქმით, ნიჭიერი ახალგაზრდები საქართველოს ნაკრებში უფრო გამოჩდნენ.
„ბოლო დროს ჩვენი ნაკრების თამაშები ვნახე და ძალიან მომეწონა, ახალი თაობა მოდის. ძალიან ტექნიკური ბიჭები არიან და მე მგონია, რომ კარგი მომავალი ექნებათ, თუ ეს მონდომება შეინარჩუნეს. რაც მთავარია, ტრავმები არ უნდა ჰქონდეთ. არადა, რატომღაც, ძალიან ხშირად ჩვენს ფეხბურთელებს ტრავმები აწუხებთ. განსაკუთრებით მათ, ვინც უცხოეთშია წასული. რომ არა ეს, მგონია, რომ საქართველოს ნაკრები უკეთესად ითამაშებდა“.