Goal.com.cy - გადაწყვეტილია, რომ ლორია „ანორთოსისს“ დატოვებს #1TVSPORT
გიორგი ლორია, სავარაუდოდ, „ანორთოსისს“ მალე დატოვებს, ამის შესახებ კლუბში გადაწყვეტილება მიიღეს, – ინფორმაციას Goal.com-ის კვიპროსული ვერსია ავრცელებს.
„გიორგი ლორია ერთ-ერთია „ანორთოსისში“, რომელმაც გუნდისთვის ბევრი რამ გააკეთა. კოსტაკი არტიმატასთან ერთად, ის ძველი მოჰიკანია. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ლორიასთვის „ნეა სალამინასთან“ 31 მარტს ჩატარებული მატჩი „ანორთოსისის“ ფორმით ბოლო იქნება.
ანტონიო პრიეტომ (მწვრთნელი) და მენეჯმენტმა გადაწყვეტილება მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი ფამაგუსტას გუნდთან კიდევ ერთი წლით აკავშირებს, ლორია „ანორთოსისში“ არ დარჩება. გადაწყვეტილება მიღებულია და ამას გამოცდილ მეკარეს პირადად აცნობებენ. ქართველი მეკარისადმი პატივისცემის ნიშნად, ამას პირადად „ანორთოსისის“ პრეზიდენტი გააკეთებს.
ლორიამ ამ სეზონში ვერაფერი შეცვალა. მისი თამაში 2021/22 წლების შემდეგ უარესდებოდა, მან დაკარგა ნდობა და არაფრით ჰგავდა მეკარეს, რომელიც 2019/20 და 2020/21 წლებში გამოირჩეოდა. ლორია „ანორთოსისში“ 2019 წლის ზაფხულში თემურ ქეცბაიამ მიიყვანა, რომელსაც საქართველოს ნაკრებიდან ძალიან კარგად იცნობდა.
კონტრაქტის 2024 წლამდე გაგრძელებაც ქეცბაიამ შესთავაზა. ლორიამ „ანორთოსისში“ყველა ტურნირზე 126 მატჩი ჩაატარა, მოიპოვა თასი და სუპერთასი. ეჭვგარეშეა, მოიძებნება უცხოელი მეკარე, რომლის ხილვაც გუნდის სამწვრთნელო სტაფს სურს“, – წერს Goal.com.cy.