გლობალური მართლმსაჯულების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინს ვინმე დააპატიმრებს, სანამ ის სახელმწიფოს მეთაურია
გლობალური მართლმსაჯულების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ბეტ ვან სკაკი ეჭვს გამოთქვამს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ვერ დააპატიმრებენ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის, სანამ ის თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ მან Babel-თან ინტერვიუში განაცხადა.
ვან სკაკმა გაიმეორა თავისი მოსაზრება, რომ აშშ მხარს უჭერს ინტერნაციონალიზებული ტრიბუნალის იდეას, რომელიც იქნება უკრაინის სასამართლო სისტემის ნაწილი. თუმცა, მისივე თქმით, ასეთი ტრიბუნალი პუტინის იმუნიტეტს ვერ გადალახავს, სანამ ის თანამდებობაზე რჩება. ვან სკაკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელს არ დააპატიმრებენ, სანამ ის რუსეთში უმაღლეს თანამდებობას იკავებს.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინს ვინმე დააპატიმრებს, სანამ ის სახელმწიფოს მეთაურია. თუ ის აღმოჩნდება უცხოური სასამართლოს ან უკრაინის სპეციალური პალატის პატიმრობაში, მაშინ, დიდი ალბათობით, ეს იმიტომ მოხდება, რომ ის აღარ იქნება სახელმწიფოს მეთაური. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ, დაიწყოთ გამოძიება, მოამზადოთ ბრალდებები მის და სარდლობის სხვა პირების მიმართ“, – აღნიშნა ვან სკაკმა.
კითხვაზე, ღირს თუ არა ტრიბუნალის შექმნა, რომელიც პრეზიდენტის იმუნიტეტს ვერ გადალახავს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დადებითად უპასუხა.
„ნამდვილად ღირს. რუსეთში ბევრი სხვა მაღალი თანამდებობის პირია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ომზე. ისინი იკავებენ ხელმძღვანელ თანამდებობებს, იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც პირდაპირ მოქმედებებს რუსეთის აგრესიის ხელწერაზე. ამ ხალხმა პასუხი უნდა აგოს აგრესიის დანაშაულისთვის, ომის ნებისმიერი დანაშაულისა და სისასტიკისთვის. ამიტომ ბრალდების განხილვის სპეციალურ პალატას ჯერ კიდევ აქვს აზრი“, – განაცხადა გლობალური მართლმსაჯულების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
ამავდროულად, ვან სკაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს პუტინის დანაშაულების გამოძიება, სანამ ის ხელისუფლებაშია და მზად უნდა იყოს სწრაფად მოქმედებისთვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში პოლიტიკური ტრანსფორმაციები დაიწყება და პუტინი დაკარგავს თავის პოზიციასა და იმუნიტეტს.