გლდანის რაიონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა – სპორტული კომპლექსი მე-5-სა და მე-7 მიკრორაიონებს შორის მდებარე ძველი სტადიონის ტერიტორიაზე აშენდა.
სტადიონი მძიმე მდგომარეობაში იყო და 2019 წელს თბილისის მერიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას პროფილის შენარჩუნების მიზნით და ახალი სპორტული ცენტის აშენების პირობით გადასცა. მშენებლობა გასული წლის ნოემბერში დაიწყო, 11 თვეში დასრულდა და და თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან უბანს სტანდარტული სტადიონი შეემატა.
საფეხბურთო ცენტრში მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი – მინი-მოედანი და სტანდარტული (ზომით 108 x 72 მ), ორას მაყურებელზე გათვლილი გადახურული ტრიბუნით. აშენდა ადმინისტრაციული შენობა, გასახდელებით და საშხაპეებით, დამონტაჟდა 230-250-ლუქსიანი განათების სისტემა და თამაშების საღამოს ჩატარება იქნება შესაძლებელი. ახალ საფეხბურთო ცენტრში საფეხბურთო ჯგუფები, გლდანში არსებული ვაჟთა, გოგონათა და მოყვარულთა გუნდები უფასოდ ისარგებლებენ.
გახსნის ცერემონიის შემდეგ, ამხანაგური მატჩი გაიმართა – ვეტერანი ქართველი ფეხბურთელების ნაკრები გლდანის საფეხბურთო გუნდს შეხვდა.
ლევან კობიაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: „ერთი წლის წინ ბავშვებს და უბნის მოსახლეობას შევპირდით, რომ სტადიონს ავაშენებდით და დანაპირები შევასრულეთ. ეს არის სტანდარტული სტადიონი, რომლის აშენებაშიც ფინანსურად ფიფა დაგვეხმარა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა, რომლითაც ბავშვები უფასოდ ისარგებლებენ, ხელს შეუწყობს ფეხბურთის მასობრიობას და პოპულარიზაციას“.
კახა კალაძე, თბილისის მერი: „მიხარია, რომ გლდანში ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა. ახალი ინფრასტრუქტურის აშენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უფრო მეტი ბავშვი ივარჯშებს და უფრო მეტი გამოავლენს ნიჭს, ჩვენთან კი ბევრი ნიჭიერი ბავშვი იზრდება. ამას გარდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაც ძალიან მნიშვნელოვანია“.
ალექსანდრე ჩივაძე, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტანი: „მიხარია, ასეთი კარგი სტადიონი რომ აშენდა. ჩემს ბავშვობაში ასეთ მოედანზე ვარჯიში წარმოუდგენელი იყო. ჩემს დროს „დინამოში“ ძალიან ბევრი ნაძალადეველი ვთამაშობდით. დარწმუნებული ვარ, გლდანში ასევე ბევრი ნიჭიერი ბავშვია და ბევრი კარგი ფეხბურთელი გამოჩნდება. კახა (კალაძე) და ლევანი (კობიაშვილი) ჩემი პატარა მეგობრები არიან, დიდი ფეხბურთელები იყვნენ და მიხარია, რომ ახლა ქართული ფეხბურთისთვის დიდ საქმეებს რომ აკეთებენ“.