„გლდანის“ დირექტორი - პასუხისმგებლობას თავიდან არ ვიცილებთ, მაგრამ ჩვენი ორი მოთამაშე დაამტვრიეს #1TVSPORT
„გლდანის“ დირექტორი - პასუხისმგებლობას თავიდან არ ვიცილებთ, მაგრამ ჩვენი ორი მოთამაშე დაამტვრიეს #1TVSPORT

საფეხბურთო აკადემია „გლდანის“ დირექტორმა, პაატა ჯინჭარაძემ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ხაშურის სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე.

ხაშურის „ივერიას“ სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარი არენის მენეჯერმა, ვახტანგ ჯაფარაშვილმა გააკეთა. რეგიონალური ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ხაშურის განახლებულ სტადიონზე ადგილობრივი „ივერია“ „გლდანს“ დაუპირისპირდა, რომელიც რეგიონალური ლიგის „ა“ ჯგუფის ლიდერი იყო, ხაშურის გუნდი კი სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებდა.

ამიტომ, ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანი იყო და ფეხბურთის ხაშურელი გულშემატკივარი გუნდის მხარდასაჭერად მივიდა. ხაშურში ხალხს ფეხბურთი მოენატრა, რადგან გახსნიდან მეორე მატჩი იყო. მანამდე კი სტადიონი დიდი ხანი არ ფუნქციონირებდა.

ახალგახსნილ სტადიონზე, მე-5 ლიგის ლიდერებმა ითამაშეს – ადგილობრივი „ივერიას“ და „გლდანის“ (V ლიგა) დაპირისპირებისას, ტრიბუნიდან მოედანზე ბოთლები ისროლეს. ბოთლის მოედნის გარეთ გადაგდების მცდელობისას „გლდანის“ მეკარემ ბოთლი მეტოქის ფეხბურთელს, სანდრო ხაჩიძეს მოარტყა, რასაც ხალხის მოედანზე შეჭრა და სერიოზული ინციდენტი მოჰყვა. ხაშურელი მოთამაშე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მატჩი კი 2:2-ზე შეწყდა.

პაატა ჯინჭარაძის თქმით, დაზიანებულებიგლდანსაც“ ჰყავს, ხოლო მეკარე იოსელიანის ინციდენტზე ამბობს, რომ მოედანზე გადაგდებული ბოთლი მეტოქის მოთამაშისთვის განზრახ არ მოურტყამს. მაგრამ „გლდანის“ დირექტორი პასუხისმგებლობას თავიდან არ ირიდებს.

„ჩვენს მეკარეს განზრახ რომ არ უნდოდა ბოთლის მოხვედრა, ეს კადრებშიც ჩანს. მაგრამ გარეთაც არ უნდა ესროლა. თავის მართლებას და ვინმეს გამტყუნებას არ ვაპირებთ. პასუხისმგებლობას თავზე ვიღებთ. მაგრამ ფაქტია, რომ თამაში დაძაბული იყო. ხალხი მოვიდა, ბევრმა თავი ვერ შეიკავა, ჩემი აზრით, მსაჯსაც სადავეები ხელიდან გაექცა.

მოწინააღმდეგის ზოგიერთი ფეხბურთელის უხეშობას კი ის მოყვა, რომ ჩვენი ორი მოთამაშე დაამტვრიეს. ამ ორიდან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, გადაუღეს სურათი, მოტეხილობა არ აქვს, მაგრამ მყესების დაზიანება დაუფიქსირდა.

ვიმეორებ, მომხდარის გამართლება არ მსურს და არც შეიძლება. ეს ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა – საქართველოს ნაკრებმა ბოლო მატჩებში ხალხი როგორ გაახარა და როგორ შემობრუნდნენ ფეხბურთისკენ. ამის ფონზე მსგავსი რამ სასიამოვნო ნამდვილად არაა. მაგრამ ჩემი აზრით, უსაფრთხოების ზომები უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო, რომ ტრიბუნაზე შუშის ბოთლები არ შემოეტანათ.

არ ვიცი რა სასჯელი იქნება, ჩვენს პასუხისმგებლობასაც თავიდან არ ვიცილებთ. მაგრამ მთავარია სასჯელი სამართლიანი იყოს და ჩვენზე არ გადატყდეს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან პაატა ჯინჭარაძე.