გიზო მამაგეიშვილი - ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რომ ევრო 2025-ზე პლეიოფიდან გავიდეთ #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და ევრო 2025-ის პლეიოფში ხორვატიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო. მოახლოებული შეხვედრების შესახებ გუნდის წევრებმა, გიზო მამაგეიშვილმა და ვასილიოს გორდეზიანმა ისაუბრეს.
გიზო მამაგეიშვილი, თბილისის „იბერიის“ ნახევარმცველი – „ხორვატიას 15 ნოემბერს ვუმასპინძლებთ და ქომაგებს ვთხოვ, რომ მოვიდნენ, რადგან ჩვენთვის მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, დიდი მოტივაციაა და ძალიან გვეხმარება. კარგ ფორმაში ვართ, რაც საკვალიფიკაციო ეტაპზეც დავამტკიცეთ – 10-მატჩიანი შესარჩევი ციკლი წარმატებით დავასრულეთ. ევროპის ჩემპიონატზე აქამდეც ვითამაშეთ, მაგრამ მაშინ იქ მასპინძლის სტატუსით მოვხვდით, ახლა კი პირველად ხდება, როდესაც ჩვენივე მოპოვებული შანსით შეგვიძლია გასვლა. ვფიქრობ, ეს დამსახურებული წარმატებაა, ჩვენთვის კი დიდი მოტივაციაა, ევრო 2025-ზე პლეიოფიდან რომ გავიდეთ“.
ვასილიოს გორდეზიანი, „დინამო თბილისის“ თავდამსხმელი – „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. იმავეს ვაპირებ ხორვატიასთანაც, რომელთანაც ორი შეხვედრა გველის. ველოდებით გულშემატკივრებს, ამ ორი თამაშის მოგებასა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში რომ დაგვეხმარონ. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ყველანი 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ და წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ“.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პლეიოფის პირველ მატჩში ხორვატიას 15 ნოემბერს, „მიხელ მესხზე“ უმასპინძლებს, საპასუხო მატჩი კი 19 ნოემბერს ხორვატიაში გაიმართება.
15 ნოემბერი, 19:00 | თბილისი, „მიხეილ მესხი“
საქართველო-ხორვატია
19 ნოემბერი, 22:00 | რიეკა, „რუევიცა“
ხორვატია-საქართველო