ილქაი გიუნდოგანი სულ უფრო ახლოს არის იმასთან, რომ „მანჩესტერ სიტი“ დატოვოს.
მხარეები ვერ თანხმდებიან ახალი კონტრაქტის ხანგრძლივობაზე, რის გამოც 32 წლის გერმანელი, დიდი ალბათობით, ინგლისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ფეხბურთელზე მთავარ პრეტენდენტად „ბარსელონა“ მიიჩნევა, მაგრამ ჰორიზონტზე კიდევ ერთი კლუბი გამოჩნდა.
როგორც გაზეთი Corriere dello Sport-ი იტყობინება, გიუნდოგანმა, შესაძლოა, კარიერა „მილანში“ გააგრძელოს. გამოცემა ინგლისურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ იტალიურმა კლუბმა ფეხბურთელთან მოლაპარაკებებში სერიოზულ პროგრესს მიაღწია.